„ახალი „გირჩი“ დაფუძნდება, სახელიც იგივე იქნება, ლოგოც, ქვეყანაში ორი „გირჩი“ იქნება - ჯაფარიძე

პუბლიკა

„26-ში [დეკემბერს], 15:00-ზე იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი” დაფუძნდება“, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და ქვეყანაში ორი „გირჩი” იქნება.

„ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, რაღაც ნაწილს ამ ქვეყნის საზოგადოების, მაგრამ იქნება ორი და იქნება კონკურენცია, საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს საქმეს, რაზეც ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი დავხარჯე.

მე ვაპირებ, რომ იგივე გავაგრძელო ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემ გვერდითაა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სახელთან დაკავშირებით წამყვანის შეკითხვაზე ჯაფარიძემ დააზუსტა, რომ მის პარტიასაც „გირჩი“ ერქმევა და იაგო ხვიჩიას პარტიასაც.

წამყვანი დაინტერესდა, ვის აქვს სახელ „გირჩზე“ საავტორო უფლება, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა: „არ ვაღიარებ ეგეთ უფლებებს არც მე და არც ისინი“.

ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ მის გუნდში ცნობილი პოლიტიკური ლიდერები არ იქნებიან, მაგრამ, მისი თქმით, იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ახალი ადამიანების მოსვლას.


4 დეკემბერს, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში, „გირჩის“ მხარდამჭერების ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილისა და ვახტანგ მეგრელიშვილის „გზები გაიყო“. როგორც ის აღნიშნავდა, მიზეზებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.