საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც რეგულაციების ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, პრობლემურია. კანონპროექტი მთავრობას არაპროპორციულ ძალას ანიჭებს და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან.
კანონპროექტით, როგორც საია წერს, შესაძლებელი ხდება კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგება, მათ შორის, შეზღუდვების დაწესება პროფესიულ და ეკონომიკურ საქმიანობაზე, საკუთრებაზე, მიმოსვლასა და თავშეყრაზე სოციალური ღონისძიებების გატარების მიზნით. ხოლო საკარანტინო წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი სამინისტრო.
როგორც საია განმარტავს, მართალია, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების მიღება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მაგრამ მთავრობისთვის ამ შეზღუდვების უფლებამოსილების გადაცემა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტს. ეს შეზღუდვები უნდა ამოქმედდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
კანონით უფლების შეზღუდვის აუცილებლობა
საია-ს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის პირდაპირ მოითხოვს, რომ აღნიშნული მოხდეს კანონით დადგენილი წესით.
„მართალია, კონსტიტუცია შრომისა და ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების და შეკრების უფლების შეზღუდვაზე ამგვარ დანაწესს პირდაპირ არ შეიცავს, თუმცა როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების შეზღუდვის ზღვარი, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტი მოითხოვს, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს კანონის შესაბამისად, ისეთი იურიდიული დოკუმენტით, რომელიც მიღებულია მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასეთ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს“, – წერს ორგანიზაცია.
უფლებების შეზღუდვის პროპორციულობა
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, კანონპროექტი უშვებს მთავრობისთვის მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების გადაცემას. მთავრობას მიენიჭება შეზღუდვების დაწესების უფლება იმ ადგილებშიც, რომლებიც შეიძლება არც წარმოადგენდეს ეპიდემიის კერას ან საფრთხის შემცველ სივრცეს.
„აღსანიშნავია ისიც, რომ ეპიდემიის კერაში შესაბამისი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ისედაც ადგენს და აღმასრულებელი ხელისუფლების აღჭურვა დამატებითი უფლებამოსილებით, ეწინააღმდეგება უფლების შეზღუდვის პროპორციულობის პრინციპს“, – წერს საია.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, პრობლემურია საგანგებო მდგომარეობის გარეშე კარანტინის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმაც. ასევე სასამართლოში სისხლის სამართლის პროცესების შესაძლო დისტანციურად ჩატარება. რადგან ასეთ პირობებში მაღალია სასამართლოების მხრიდან თვითნებობის ხარისხი და აბსტრაქტული ტექნიკური ხარვეზის მიზეზით სხდომის საჯაროობის უგულვებელყოფა.
„მნიშნველოვანია, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ პრაქტიკაში არ გამოიწვიოს სასამართლოს მხრიდან საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლოების მხრიდან მაღალია თვითნებობა სხდომაზე საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტის განხილვისას გაითვალისწინოს განცხადებაში მოტანილი არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის სტანდარტები და მათი გათვალისწინებით მიიღოს ცვლილებები კანონმდებლობაში“, – წერს საია.