„ახალი კვირის“ გუნდის ნაწილი განცხადებას ავრცელებს და ცენზურის არსებობას უარყოფს

პუბლიკა

„გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ“, – აღნიშნულია გადაცემა „ახალი კვირის“ გუნდის ნაწილის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს აღმასრულებელი პროდიუსერი, პროდიუსერი და 6 ჟურნალისტი.

„გადაცემა „ახალი კვირა“ ოთხი წელია, პირველი არხის ეთერშია. ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის პრობლემურ და აქტუალურ თემებს ეხებოდა, ჩვენთვის პრიორიტეტი ხალხის პრობლემების ობიექტურად გაშუქება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა.

„ახალი კვირის“ გუნდისთვის ღირსების საკითხია, ობიექტურად და მიუკერძოებლად გავაშუქოთ ნებისმიერი თემა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟები ნათლად მეტყველებს.

გადაცემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ „ახალი კვირის“ გუნდი 2018 წლიდან პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით მუშაობს – დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში.

შესაბამისად, გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც „პირველი არხი“ ავრცელებს. განცხადებას ხელს აწერენ:

თამარ გოგესაშვილი

თამარ ოდიშარია

ნინუცა კახნიაური

ბელა ზაქაიძე

ანა ნოდია

ნატა ტაბიძე

ოთარ გიორგაძე

ანუკი მასხარაშვილი


18 თებერვალს „ახალი დღის“ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები“.

„ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემის რეორგანიზაცია მის მოსაშორებლად დაგეგმა, რადგან ის არხზე არსებულ ცენზურას ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, არხზე არსებობდა, ე.წ. შავი სიები და ჟურნალისტებმა იცოდნენ, ვისი ჩაწერა შეიძლება და ვისი არა.

მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ბრალდებები, რომელთა ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტური მონაპოვარია.