პენტაგონმა უკრაინისთვის ახალი 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.
უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში, პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, 18 ცალი მულტიკალიბრული სისტემა HIMARS შევა. ამ დრომდე, ვაშინგტონმა კიევს HIMARS-ის სისტემები რამდენჯერმე გადასცა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ დროისთვის, მთლიანობაში, მხოლოდ 16 ერთეული HIMARS ჰყავს.
აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების დასრულებას მოჰყვა.
ამასთან, HIMARS-ების გარდა, უკრაინა მიიღებს 12 ცალ Titan-ის ტიპის დრონების საწინააღმდეგო სისტემას, სხვადასხვა დანიშნულების ასობით ჯავშანმანქანასა და ტაქტიკურ ავტომობილს, რადარებსა და სადაზვერვო სისტემებს, ამუნიციას, საველე აღჭურვილობას და თანხებს სამხედრო მოსამსახურეთა წვრთნებისთვის.
თუმცა პენტაგონში აცხადებენ, რომ ეს ინვესტიციაა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამომავლოდ გაძლიერებისთვის და ამ შეიარაღების უმეტესი ნაწილის უკრაინაში ჩასვლას 6 თვიდან 2 წლამდე დასჭირდება, HIMARS-ებს შეიძლება კიდევ უფრო მეტიც. ამასთან, პენტაგონში არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალი შეიარაღება უკრაინაში უფრო მალეც ჩავიდეს.