ახალი ქართული ფილმი „ჩემი ოთახი“ კარლოვი ვარის ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

პუბლიკა

რეჟისორ იოსებ „სოსო“ ბლიაძის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „ჩემი ოთახი“ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ფილმის პრემიერა ფესტივალზე ივლისში შედგება.

ახალი მხატვრული ფილმი პანდემიის პერიოდს და, მასთან ერთად, ორი ახალგაზრდა გოგოს ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს. „ჩემი ოთახის“ სცენარის ავტორები არიან: იოსებ „სოსო“ ბლიაძე და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, თაკი მუმლაძე.

„24 წლის თინა საქართველოს ერთ-ერთი პროვინციიდანაა. ოჯახისთვის მიუღებელი საქციელის გამო, მოუწევს ოჯახიდან წამოვიდეს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს. თინა დედაქალაქში ჩამოდის, ქირაობს ოთახს საზიარო ბინაში მისსავე ასაკის გოგოსთან ერთად, რომელსაც თინასგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვს“, – ვკითხულობთ ფილმის სინოფსისში.


სოსო ბლიაძის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ოთარის სიკვდილი“ 2021 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა, ხოლო კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკოსთა პრიზის მფლობლი გახდა. ბათუმის XVI კინოფესტივალზე „ოთარის სიკვდილმა“ ჟიურის პრიზი მიიღო, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი ნუცა კუხიანიძე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა.