ახალი რეგულაცია, რომ თამბაქოს პროდუქტი დახლებზე არ უნდა ჩანდეს, ირღვევა - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

პუბლიკა

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თქმით, 1 იანვრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი რეგულაცია ამოქმედდა და აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა. მათივე ცნობით, ეს ნორმა ხშირად ირღვევა სავაჭრო ცენტრებში, რის შესახებაც ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდეს.

„რეგულაცია გულისხმობს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგების აკრძალვას ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან.

დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არაა დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. ასევე, შიდა ხილვადობა არაა აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში, ე.წ. „დუტი ფრი“ ზონაში.

აღნიშნული რეგულაციის მიზანია მოზარდების და ახალგაზრდების თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენისგან დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, თამბაქოს კონტროლის მონიტორინგის ჯგუფმა ამ ეტაპზე, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ზოგიერთ მაღაზიაში კანონის დარღვევები გამოავლინა და აღნიშნული დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შემოსავლების სამსახურს.

„შედეგად ვიმედოვნებთ, რომ დამრღვევი სავაჭრო ობიექტები მალე დაიცავენ კანონის მოთხოვნას, რომლის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია სავაჭრო ობიექტისათვის პირველ ჯერზე 2000 ლარია.

ამასთან, მოვუწოდებთ ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად გამოუფენია თამბაქოს ნაწარმი, ლეტალური პროდუქტი, დაუყოვნებლივ აღასრულოს კანონი. ვიმედოვნებთ, შემოსავლების სამსახური თამბაქოს კონტროლის კანონის ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევას გამოავლენს და მომავალ თაობებს მომაკვდინებელი პროდუქტისაგან დაიცავს“, – აღნიშნავენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.