გასული კვირის ბოლოს ინგუშეთში „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომა” გაიმართა.
ინგუშეთის ხელისუფლების ცნობით, შეხვედრა ეხებოდა „ტურიზმსა და კულტურული ფასეულობებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში“. შეხვედრის მონაწილეებმა ფორმალურად „სატრანსპორტო კავშირების ორგანიზება, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნა განიხილეს”.
თუმცა, საუბრის მთავარი თემა „ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობა” იყო. მხარეებმა ვლადიკავკაზში მშენებლობის ადგილიც მოინახულეს.
რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა მიმდინარე წლის სექტემბერში გააქტიურდა. კერძოდ, ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ ისაუბრა. მაშინ რუსული მედია აცხადებდა, რომ „საქართველო რუსეთისთვის „ლოგისტიკური ჰაბი“ ხდება”.
რამდენიმე კვირის წინ ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დაასახელა რკინიგზის მარშრუტი და განაცხადა, რომ „პროექტის მიზანია სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარება და რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის მარშრუტის შემცირება მთავარი კავკასიონის ქედის გავლით”.