ახალი, სამართლიანი არჩევნები და  ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება - ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორპარტიული სტრუქტურა – აშშ-ის ჰელსინკის კომისია წერილს აქვეყნებს, სადაც კომისიის წევრები გამოხატავენ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი მათი პროტესტის 150-ე დღესთან დაკავშირებით.

განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ ვიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი, შელდონ უაითჰაუსი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და ჯონ კორნინი.

„ხვალ სრულდება საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების 150-ე დღე — ეს არის განსაცვიფრებელი გამოხატულება ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებისა თავისუფლებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც არ თმობენ თავიანთ დემოკრატიულ მისწრაფებებს არალეგიტიმური რეჟიმის წინაშე.

„ქართული ოცნება” ეჭიდება ძალაუფლებას ქართველებისთვის იმ უფლებებისა და თავისუფლებების წართმევით, რაც დემოკრატიული საზოგადოებებისთვის ძვირფასია. დამოუკიდებელ მედიაზე, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ზეწოლით, ქართული ოცნება აშორებს თავის ქვეყანას ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან და განწირული ჰყავს საქართველო რეპრესიებისა და ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩენისკენ, როგორებიცაა – რუსეთის, ჩინეთისა და ირანის.

თუ საქართველო ავტოკრატიის გზით სვლას გააგრძელებს, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს, რომელიც მტკიცედ იყო ერთგული ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების. ამავე დროს, ქართველებს ვტოვებთ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავტორიტარული მთავრობის ქვეშ, მათ მრავალწლიანი თავისუფლებისთვის ბრძოლის შემდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ და მოვითხოვოთ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და  ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. უმოქმედობა არამხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებსა და ოცნებებს უღალატებს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას.“  – ვკითხულობთ განცხადებაში.