„ახალი საქართველოს“ გუნდის რეიტინგი ყველაზე მზარდია - გიორგი ვაშაძე

პუბლიკა

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის ერთიანი შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დღის წესრიგში მთავარი საკითხი გიორგი რურუას გათავისუფლება და საკონსტიტუციო ცვლილებებია. ის ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ერთიანობამ გამოიწვია სრული მხარდაჭერა დასავლეთის.

„მე როგორც ერთ-ერთ სულის ჩამდგმელიც და თანამონაწილეც ამის ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა და რომ „ქართული ოცნება“ გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, ვითანამშრომლოთ მაჟორიტარულ ოლქებში, გვქონდეს მრავალფეროვნება პროპორციული მასშტაბით. მთავარია, ჩვენთვის გაიმარჯვოს საქართველომ. ძალა ერთობაშია და არა დაცალკევებაში.” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე – პროპორციულ ნაწილში განიხილავს თუ არა სხვა პარტიებთან კოალიციურ თანამშრომლობას? – უპასუხა, რომ ის ოპოზიციურ კოალიციასთან თანამშრომლობით გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას.

„მე გიორგი ვაშაძე, „ახალი საქართველოს“ გუნდი, რომელსაც ყველაზე მზარდი რეიტინგი აქვს (თქვენ შეგიძლიათ ყველა კვლევა ნახოთ, ეს ასეა, გულწრფელად ვამბობ), ვართ კოალიციაში გაერთიანებულ ოპოზიციასთან – ძალა ერთობაშია და ამ კოალიციით ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას. სხვა სუბიექტებს თუ ენდომებაც ოპოზიციურ კოალიციაში შემოსვლა, მზად ვართ განვიხილოთ. თუმცა ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ყველა ერთ კოალიციაში იყოს. ჩვენი ამოცანაა, სინერგია გვქონდეს ქმედებების და უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველ ამომრჩეველსაც განსხვავებული გემოვნება აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძე.