ახალი შემთხვევებიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია და მარნეულის კლასტერიდანაა – ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღე-ღამის განმავლობაში დაემატა კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა.

ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და ის ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა, დანარჩენები კი, ეზუგბაიას ინფორმაციით, რეგიონებში გადიან მკურნალობას და უმეტესობა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

„რაც შეეხება ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობას, დინამიკურად გაუმჯობესებულია. ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება ჩვენ ძალიან მძიმე, პრობლემური 2 პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან – ჯერ არა.

დანარჩენი, მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტების პროგრესირება არ მიმდინარეობს. ეს იმის მაჩვენებელია რომ, ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არც ერთი კრიტიკული“, – უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

განახლებული მონაცემები კი ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 266
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 67
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4872
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3