თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 28 ახალი შემთხვევიდან 12 შემთხვევა საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერთანაა დაკავშირებული. ეზუგბაიას თქმით, ჯამში უკვე 36 დადასტურებული შემთხვევაა „დონას“ კლასტერიდან.
„3 შემთხვევა გახლავთ დაავადებულ პაციენტთან კონტაქტი; 3 პაციენტი გახლავთ რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომლები; 2 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ შემოტანილი – აქედან 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; 4 პაციენტს აქვს აჭარაში მოგზაურობის ისტორია და არიან ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, 4 პაციენტის წყარო ამ ეტაპისთვის უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენისთვის.
საქართველოში დღეს, 4 სექტემბერს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული მონაცემებით, დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი.
StopCov.ge-ს ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 1596, აქედან გამოჯანმრთელდა – 1294 და გარდაიცვალა – 19. კარანტინის რეჟიმშია – 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.