ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს Covid 19-ით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 5 ბათუმშია, 2 – ქუთაისში და დანარჩენი თბილისში.
„გუშინდელი დღის შემდეგ ქვეყანაში დაგვემატა 13 ახალი პაციენტი. მათგან 5 ბათუმშია, 2 ქუთაისში და დანარჩენი თბილისში. ამ ცამეტიდან ჩვენს ლაბორატორიაში დადასტურებულია 2 ახალი შემთხვევა.
გამოჯანრთელებულია 46 ადამიანი, აქედან 36 არის ჩვენგან. 208-დან 71 ჩვენი ცენტრის პაციენტია, დანარჩენი იმ ცხრა covid-ის მიმღებ დაწესებულებებშია. გუშინ ჩვენგან 24 პაციენტის ტესტირება მოხდა, ამათგან 9 იყო განმეორებითი“, – თქვა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, 4 პაციენტი იყო მძიმე და მათგან 2 დასტაბილურდა.
„ პნევმონიით 4 პაციენტი გვყავდა. 2 უკვე დასტაბილურდა, 2 გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა მაინც შეიმჩნევა გაუმჯობესება. იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში გადავიყვანთ“.
მისი თქმით, ცენტრში დადასტურებული 2 შემთხვევის წყარო არის ეროვნული ბანკი. 2-ვე პაციენტი არის 70 წელს გადაცილებული, ერთ-ერთ მათგანს აქვს შაქრიანი დიაბეტი და ეს ორმაგი რისკია.
ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან მხოლოდ ორი ადამიანის დაინფიცირების წყარო არის უცნობი, ისინი არიან კონტაქტები. ხოლო დანარჩენებს აქვთ მოგზაურობის ისტორია.