ახალი შტამი | რამ განაპირობა ინდოეთში ეპიდსიტუაციის დამძიმება

პუბლიკა

ინდოეთში კორონავირუსმა ახალი ძალით იფეთქა. ბოლო პერიოდია, ქვეყანაში დიდი სისწრაფით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. საავადმყოფოები პაციენტებს ვერ აუდიან, დეფიციტურია ჟანგბადის ბალონები, ადგილები პალატებში. ბევრ ადამიანს კლინიკებში ვეღარ იღებენ და რთული მდგომარეობის მიუხედავად, ვირუსთან გამკლავება სახლის პირობებში უწევთ.

კორონავირუსის შემთხვევებმა ყოველდღიურად საგრძნობი მატება მარტის ბოლოდან დაიწყო, აპრილში კი ინფიცირებულთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. ერთი თვის წინ, 25 მარტს ინდოეთში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, 25 აპრილს კი – 360 000-მდე. ვირუსს ქვეყანაში უკვე 190 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ახალმა ზელანდიამ, ჰონგ კონგმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთში ავიამიმოსვლა შეაჩერეს ან მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ იქ გამგზავრებისგან. ინდოეთში ვიზიტისგან თავი შეიკავა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმაც, რომელმაც ინდოეთის პრეზიდენტთან სავაჭრო ურთიერთობის განხილვა ვირტუალურად გადაწყვიტა.

ინდოეთში კორონავირუსის ეპიდაფეთქება ახალი შტამის გამოჩენასთან ერთად დაიწყო. ახალ შტამს, კოდით – B.1.617 „ორმაგი მუტანტიც“ უწოდეს. ის ამ დროისთვის ცნობილ ორ მუტაციას – E484Q-სა და L452R-ს შეიცავს.

პირველი მათგანი სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური მუტაციის  E484K-ს მსგავსია, რომელიც ამ ქვეყნებში ბოლო თვეებია გამოჩნდა და მეცნიერები შიშობენ, რომ მას შეუძლია კორონავირუსის ცილის ფორმირება და ვაქცინის ეფექტიანობის შემცირება. რადგან ვაქცინების მიერ გამომუშავებულმა ანტისხეულებმა შეიძლება ვეღარ ამოიცნოს ვირუსი და ვერ გაანეიტრალოს. ფიქრობენ, რომ სამხრეთ აფრიკული შტამის მსგავს მუტაციას ინდოეთშიც მსგავსი შედეგი ექნება.

რაც შეეხება მეორე მუტაციას, L452R კალიფორნიაში აღმოაჩინეს. ამ მუტაციას, წინასწარი ვარაუდით, უფრო მეტად შეუძლია მიებას ადამიანის ACE2 რეცეპტორს, რაც ორგანიზმში ვირუსის უფრო სწრაფად და ძლიერად გავრცელებას შეუწყობს ხელს. ასევე, კვლევები აჩვენებს, რომ მუტაციის ამ ვარიანტსაც უკეთ შეუძლია ვაქცინასთან გამკლავება, თუმცა მისი კვლევა, ჯერჯერობით, არ დასრულებულა.

თუმცა ინდოეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით ახალი შტამი გავრცელებაში დომინანტური არაა და ახალი ეპიდაფეთქება მხოლოდ მის გავრცელებას არ უკავშირდება.

ახალი შტამის გამოჩენასთან ერთად ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსის ეპიდაფეთქება მოჰყვა წინასაარჩევნოდ გამართულ მასობრივ თავყრილობებსა და რელიგიურ დღესასწაულებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნანენდრა მოდი მარტში თავადაც მონაწილეობდა კერალაში, ტამილ ნადუსა და სხვა ადგილებში წინასაარჩევნოდ გამართულ თავყრილობებში. წელს ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნაც დაიწყეს, რამაც მობილობა დამატებით გაზარდა.

ახლა კი ქვეყანაში შეზღუდვებს ისევ ამკაცრებენ. ქვეყნის დედაქალაქში, დელიში, სადაც საავადმყოფოები უკვე გადაიტვირთა, ერთკვირიანი კარანტინი შემოიღეს. ქალაქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კარანტინი აუცილებელი იყო გავრცელების ტემპის შესანელებლად, რადგან ცოტა ხანში ბევრად მკაცრი რეგულაციების დაწესება გახდებოდა საჭირო ან ვირუსის გავრცელება უკონტროლო სახეს მიიღებს.

ინდოეთში კი ვითარება უკვე არასახარბიელოა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, როგორც ვირუსის გავრცელების, ისე სიკვდილიანობის რაოდენობა ზოგიერთ რეგიონში ოფიციალურზე 10-ჯერ მეტიც კია, რადგან ბინაზე მკურნალობისა და გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა უკვე ჭირს. ჭირს გარდაცვლილთა ტრადიციული წესით დაკრძალვა და ზოგიერთ ადგილას მასობრივი კრემატორიუმებიც მოეწყო.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან ერთად გაიზარდა მთავრობისადმი კრიტიკაც. საავადმყოფოების დიდი ნაწილი ჟანგბადის ნაკლებობასაც უჩივის. ზოგიერთი კლინიკა აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, ჟანგბადის გარეშე არიან დარჩენილები და პაციენტებისთვის მალე მისი მიწოდების შეწყვეტა მოუწევთ. საავადმყოფოების პეტიციის განხილვისას უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ხელისუფლება გააკრიტიკა დელის უზენაესმა სასამართლომაც კი.

ფოტო: Getty Images

მოსახლეობა კი, როგორც BBC წერს, გადარჩენას შავ ბაზარზე ცდილობს. ჟანგბადი თუ ანტივირუსული პრეპარატები ქვეყანაში შავ ბაზარზე გამოჩნდა. მოსახლეობის ნაწილი კი, ვინც დახმარება ოფიციალურად ვერ მიიღო, იძულებულია, ფული შავ ბაზარზე ნაყიდ რემდესივირსა თუ ჟანგბადში გადაიხადოს, იქ კი ფასები ჩვეულებრივზე 10-ჯერ მეტია.

მაგალითად, რემდესივირი, ოფიციალურად, 12-დან 53 დოლარამდე ღირს, შავ ბაზარზე კი მისი ფასი 330-1000 დოლარია.

ამ მედიკამენტის წარმოების უფლება ინდოეთში 7 კომპანიას აქვს, რომელთაც ხელისუფლებამ წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა, თუმცა რემდესივირი, ისევე როგორც, სხვა მნიშვნელოვანი სამკურნალო საშუალებები ინდოეთში კვლავ დეფიციტურია. ეპიდემიოლოგი, დოქტორი ლალიტ კანტი BBC-თან ამბობს, რომ ხელისუფლების მოქმედება ვირუსის ახალი ტალღის შესაჩერებლად დაგვიანებული და არაეფექტიანი იყო.

„მედიკამენტები დეფიციტურია, თუმცა როგორღაც ისინი შავ ბაზარზე მაინც იშოვება. როგორც ჩანს, მიწოდების სისტემაში რაღაც გარღვევაა, რაც მარეგულირებლებმა აქამდე ვერ აღმოფხვრეს. პირველი ტალღიდან ვერაფერი ვისწავლეთ“, – ამბობს ეპიდემიოლოგი ბრიტანულ გამოცემასთან.

ფოტო: Getty Images

მოსახლეობა შავ ბაზარზე ოფიციალურთან ერთად კუსტარულად დამზადებულ წამლებსაც ყიდულობს. BBC წერს, რომ მათმა ჟურნალისტმა ერთ-ერთ გამყიდველთან ნახა ისეთი კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტი, რომელსაც ლიცენზია საერთოდ არ აქვს და ინტერნეტშიც მასზე არაფერი იძებნება.

„შეკითხვის საპასუხოდ მითხრა, რომ ეს „100%-ით ორიგინალი“ იყო. შეფუთვა ორთოგრაფიული შეცდომებითაც იყო სავსე, მან კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა და მითხრა, რომ შემეძლო, ის ნებისმიერ ლაბორატორიაში გამომეცადა“, – წერს ჟურნალისტი.

თუმცა ხალხი, რომელიც ვირუსს სხვა გზებით ვეღარ უმკლავდება, ამ რისკზეც მიდის და კორონავირუსთან გამკლავებას საეჭვო პირობებში დამზადებული მედიკამენტებით ცდილობს.