ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე შემთხვევა დადასტურდა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

„ძირითადად ეს არის ბრიტანული. ამ შტამს ევროპაში ფართო გავრცელება აქვს, ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ კვლევების მიხედვით, დღევანდელი ვაქცინები, რომლებიც ადმინისტრირდება, ამ შტამს ფარავენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება რეინფიცირების შემთხვევებს, მისი თქმით, იკვლევენ კიდევ რამდენიმე ნიმუშს. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ რეინფიცირების შემთხვევები კიდევ დადასტურდება.

„კვლევაში რამდენიმე ნიმუშია. საბოლოო დადასტურება არ არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მატება გვექნება. რა თქმა უნდა, ათობით არა, მაგრამ რამდენიმე ერთეული დაემატება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მატების ტენდენცია შეინიშნება, ამის პრევენციისთვის კი საჭიროა წესების დაცვა და მის აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება.

„თუ გვექნა ტედენდენცია შემთხვევების ზრდის, ანუ ეპიდვითარება თუ გაუარესდება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს და ამის შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.