ახალი სტანდარტით, დათვლის შედეგად წინა წლების უმუშევრობის დონე გაიზარდა - საქსტატი

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი სტანდარტით გაანგარიშებული უმუშევრობისა და დასაქმების მაჩვენებლები წარმოადგინა.

თუ ძველი სტანდარტით გამოთვლილი უმუშევრობის დონე 2019 წელს საქართველოში იყო 11.6%, ახალი სტანდარტით დათვლის შედეგად ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2019 წელს უმუშევრობის დონე 17.6% დაფიქსირდა.

რა შეიცვალა? 

საქსტატის ინფორმაციით, მათ მიერ სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, კერძოდ:

ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებული და უმთავრესად (50%-ზე მეტი) სასოფლო სამეურნეო პროდუქციას  საკუთარი მოხმარებისათვის აწარმოებენ.

აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.

როგორია დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებელი ახალი სტანდარტით? 

ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი.

მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე ძველი და ახალი სტანდარტებით (გადაანგარიშებამდე და გადაანგარიშების შემდეგ), 2010-2019 წლებში.

საქსტატის მიხედვით, ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (დაახლოებით 3-ჯერ), ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა.

მაგალითად, ახალი სტანდარტით გაანგარიშების შემდეგ 2019 წელს უმუშევრობის დონზე ქალაქში არის 18.2% (ძველი სტანდარტით ეს მაჩვენებელი 17.14%-ია). სოფლად კი უმუშევრობის დონზე 16.17% (ძველი სტანდარტით ეს მაჩვენებელი 5.5% იყო).

ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით.

ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე).

საქსტატის მიხედვით, ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან.

უმუშევრობა და დასაქმება – 2020 წლის III კვარტლის მონაცემები

ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0% შეადგინა.

2020 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.3% შეადგინა.

აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.6%-ით.

დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.3%-ით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 %-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.1 %-ით.

 

2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 66.6 %-ს შეადგენდა, რაც 2.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამავე პერიოდში, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.7%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 2.1%-ით.

უმუშევრობის სტატისტიკა ქალებსა და კაცებში 

საქსტატის მიხედვით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.5%-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.4%-ით.

აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.2%-ს, ხოლო კაცებში 61.9%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.8%-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2%-ით.

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7% და 0.7%-ით.