თავდაცვის ახალი კოდექსი არღვევს თანასწორობის პრინციპს - „ევროპული საქართველო"

პუბლიკა

ევროპული საქართველო ეხმაურება პარლამენტის მიერ თავდაცვის კოდექსის მიღებას.

„ქართული ოცნების მიერ „თავდაცვის კოდექსში“ მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები არღვევს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპს, არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური“, – ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

მიღებული ცვლილებებით, სახელმწიფო სავალდებულო სამსახურს მოითხოვს ყველა რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირისგან, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ევროპული საქართველოს ხედვით, არასწორია კანონის წინაშე უთანასწორო მიდგომა რელიგიური და არარელიგიური მრწამსის მიმართაც (მაგ. პაციფიზმი).
მოქალაქეს რელიგიური თუ არარელიგიური მრწამსი არ უნდა ათავისუფლებდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, თუ ქვეყანაში არსებობს სავალდებულო სამსახურის სისტემა.

„თუ ქვეყანას აქვს სავალდებულო გაწვევა, ის თანასწორად უნდა ეხებოდეს ყველა მოქალაქეს.

ეს მიდგომა დაგვაზღვევს, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ თუ სახელმწიფო ინსტიტუტმა ვერ შეძლოს რელიგიური ინსტიტუტების შინაარსის განხილვაში შესვლა და სპეკულირება იმაზე, თუ რომელია „ნამდვილი“ ან „ფიქციური“ რელიგიური ორგანიზაცია.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია წვლილი შეიტანოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

სხვა საკითხია, რომ გაწვევის არსებულ სისტემას არსებითად არ აქვს კავშირი არც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებთან და არც მიზნებთან.

პენიტენციურ დაწესებულებებში ზედამხედველობისთვის მოქალაქეთა გაწვევა და ამ პროცესში სოციალურად მოწყვლადი მოქალაქეების დისკრიმინაცია მხოლოდ ასუსტებს მოქალაქეთა სურვილს, ემსახურონ ქვეყნის უსაფრთხოებას.

სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სარეზერვო სამსახურით და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ის უნდა შეეხოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად რელიგიური რწმენისა თუ პოლიტიკური/ სამოქალაქო შეხედულებებისა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქისთვის რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებებით მიუღებელია იარაღის გამოყენება, მოქალაქემ უნდა გაიაროს იმგვარი ალტერნატიული სამსახური, რომელიც ღირებული და აუცილებელია ქვეყნის თავდაცვითუნარიანობისთვის, თუმცა გამორიცხავს იმ ტიპის საქმიანობას, რომელსაც მოქალაქის მრწამსი ეწინააღმდეგება, იქნება ეს სამედიცინო (მაგ: სამხედრო სანიტრის), სამხედრო-საინჟინრო თუ სხვა საქმიანობა.

კანონში შეტანილ ცვლილებებში ასევე უკანონოა სამობილიზაციო ელექტრონულ სისტემაში მოქალაქის აღმსარებლობის თაობაზე ინფორმაციის შეტანის შესახებ ჩანაწერი. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, შეაგროვოს ინფორმაცია მოქალაქეების აღმსარებლობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვას ემსახურება. (მაგ: რწმენის თავისუფლება; რელიგიური უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფა).

ასეთი მკაფიო მოტივაციისა და შესაბამისი რეგულირების გარეშე აღნიშნული ჩანაწერი ლახავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

საბოლოოდ, „თავდაცვის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები არის ანტიკონსტიტუციური და ჩვენს პოლიტიკურ ხედვასთან შეუთავსებელი”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებენ მოქალაქეების ინფორმირებისთვის მიღებული ცვლილებების უკანონობის შესახებ და მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისთვის.

ამასთან, პარტია პარტნიორებთან ერთად განიხილავს კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას – „მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენის გათვალისწინებით, ობიექტური მართლმსაჯულების შანსი მიზერულია“.