რამდენს ხარჯავს საახალწლო ღონისძიებებისთვის გორისა და თელავის მერია, მათ შორის, რა ტიპის ფულადი თუ სხვა ტიპის დახმარებაა გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, – საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ „პუბლიკამ“ ინფორმაცია რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა, თუმცა ამ ეტაპისთვის ინფორმაცია მხოლოდ გორისა და თელავის მუნიციპალიტეტიდან მივიღეთ.
შედარებისთვის „პუბლიკამ“ აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან 2018 წლის საახალწლოდ დახარჯული თანხის შესახებაც მოითხოვა ინფორმაცია.
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტიდან მოგვწერეს, რომ მიმდინარე წელს საახალწლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დახმარებაზე თანხა გამოყოფილი არ არის.
მერიაში ამბობენ, რომ 2019 წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 99 984 ლარს შეადგენს, თუმცა, მათი თქმით, ამ პერიოდისთვის ეს თანხა ათვისებული არ არის.
რაც შეეხება გასულ წელს, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი და დახარჯული თანხის ჯამური რაოდენობა 39 124 ლარს შეადგენდა, რომელიც დაიხარჯა შემდეგი ტიპის აქტივობებისთვის: ქალაქის ნაძვის ხისთვის ნათურების შეძენა – 29 680 ლარი. სასაჩუქრე კოლოფი ქალაქის საპატიო მოქალაქეებისთვის – 4 200 ლარი. სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის სასაჩუქრე პაკეტი – 2 800 ლარი (გაიცა თეატრში საახალწლო ღონისძიების დროს). მისალოცი ბარათების დამზადება – 444 ლარი. გასართობი ცენტრი „რიო“ უმასპინძლა ბავშვებს ღონისძიებით „ემოციური და მხიარული ახალი წელი“ – 2000 ლარი.
თელავის მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტს 2019 წელს საახალწლო ღონისძიებისთვის დაგეგმილი აქვს 67 007 ლარის დახარჯვა.
როგორც მერიიდან მოგვწერეს, მათ შორის ქალაქის ქუჩების გასანათებლად გამოყოფილია 32 631 ლარი, რითაც შეიძინეს 200 ცალი ბაბუაწვერა, 500 მეტრის სიგრძის ნათურა „გირლიანდები” და 100 ცალი სარეზერვო ნათურა „გირლიანდები”.
სცენის მოწყობა/გადახურვისა და ფეიერვერკებისთვის გამოყოფილია – 20 976 ლარი.
მომღერლების ჰონორარებისთვის გამოყოფილია 13 400 ლარი. როგორ მერიაში ამბობენ, ახალი წლის ღამეს 8 წევრისგან შემდგარი ჯგუფი „fcicnd side“ დაუკრავს.
2019 წელს მუნიციპალიტეტის მიერ საახალწლო ამანათებისთვის გამოყოფილია 18 316 ლარი. მუნიციპალიტეტის განმარტებით, ეს ამანათები შეიცავს პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს. სულ 500 ასეთი ამანათი აქვთ გათვალისწინებული. მოსარგებლე კატეგორია კი არის: სოციალურად დაუცველი ოჯახები; მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს; მარჩენალდაკარგული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე შვილები; II მსოფლიო ომის მონაწილეთა ოჯახები; შშმ სტატუსის მქონე ბავშვები, მარტოხელა მშობლები, უდედმამო ბავშვები, 100 წელს გადაცილებული მოხუცები, 9 აპრილს დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები;
თელავის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს საახალწლო ღონისძიების ჩასატარებლად 38 148 ლარი დახარჯა, მათ შორის – სცენის მოწყობა, გადახურვა, განათება, ფეიერვერკი 20 108 ლარი დაჯდა.
საახალწლო კონცერტისთვის მომღერლების ჰონორარმა 14 160 ლარი შეადგინა. თელავში საახალწლოდ იმღერეს: მაია ბარათაშვილმა, ვერიკო ტურაშვილმა, „ქართულმა ხმებმა“, თემურ საჯაიამ. ნაძვის ხის მოსართავებისთვის კი 3 880 ლარი დაიხარჯა.
„პუბლიკა“ სამი მუნიციპალიტეტიდან – ქუთაისიდან, ოზურგეთიდან და ზუგდიდიდან ელოდება საჯარო ინფორმაციას საახალწლო ხარჯის შესახებ. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.