ახალი წლის მოსალოცი - ივერი მელაშვილის წერილი ციხიდან

პუბლიკა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ციხიდან ღია წერილს ავრცელებს.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან.  მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.

“პუბლიკა” ივერი მელაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

ახალი წლის მოსალოცი ციხიდან

უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი ბატონო ბიძინა, რამეთუ პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა, როგორც 2020 წლის არჩევნებში, ასევე გასული 8 წლის განმავლობაში მიღეწული ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, რაც საქართველოსა და მის მაცხოვრებლებზე აისახა.

მართალია, არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ –  ტყუილებითა და ცრუ დაპირებებით მოვიდაო ქვეყნის სათავეში;- უვარგისი ხალხი შემოიკრიბა გარშემოო, რომლებიც ქვეყნისთვის არაფრის მაქნისები არიან და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთო. ხოლო მათ შორის, თუ შემთხვევით ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც მოიწადინეს საჭირო საქმეების კეთება, მოისროლაო ხელისუფლეიდან, კომპრომატების და სხვადასხვა ბინძური მეთოდების გამოყენებითო. ამით იმას გავუსვათ ხაზი, რომ თავის ხელქვეითებს სასიკეთო ინიციატივები კი არ მოეთხოვებათ, არამედ მხოლოდ თქვენი ბრძანებების, დავალებების და სურვილებბის უსიტყვოდ შესრულება. თანაც, მზად უნდა იყვნენ, დღე-ღამის ნეისმიერ დროს, ხოტბა შეგასხან თქვენ, ხოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს თვალებში ნაცარი შეაყარონ. სამაგიეროდ, მათთვის დასაშვებია პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, კორუფციული გარიგებები, ქონების დაგროვება (ოღონდ თქვენს „მადას“ არ უნდა მიუახლოვდნენ), ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება  (ოღონდ მათაც არ უნდა გამოიჩინონ სასიკეთო ინიციატივები).

თვითონ კი, ვითომდა, გვერდზე გადგა, სინამდვილეში სრულიად დაიქვემდებარა საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ადგილობრივი თვითმმართველობები და მასმედიის უმეტესი ნაწილიო (მთლიანად ვერ მოახერხაო, მაგრამ მცდელობას არ აკლებსო). მართლმსაჯულების სისტემა (პროკურატურა, სასამართლო, შსს, სუს-ი) ხომ დიდი ხანია თავისი ნებისა და ხუშტურების მოწინააღმდეგეთა მიმართ სადამსჯელო ინსტანციებად აქციაო, რომლებიც ყოველგვარი ღირსების და პროფესიული ღირებულებების უგულებელყოფით, მზად არიან ნებისმიერი ბინძური დავალების შესასრულებლადო;- პუტინის კაციაო.

მის მიერ დაქვემდეარებული მთელი სახელისუფლებო პირამიდა არ აკლებს მცდელობას, რომ ქვეყანამ უარი თქვას ევროკავშირთან წევრობასა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და გეზი აიღოს რუსეთსა და მის შვილობილ ევროაზიური კავშირისაკენო. ამისთვის სჭირდებათო საქართველოს ეკონომიკის დაქცევა, ხალხის გაღარიბება და დაძაბუნება, განათლების სისტემის მოშლა, რადგან ღარიბი და უსწავლელი, ამასთან, ნიჰილიზმით შეპყრობილი მასა უფრო იოლი სამართავიაო;- ნებისმიერი ყალბი, უღირსი, ბინძური მეთოდების გამოყენებით ებრძვის ოპოზირიურ პარტიებს და ოპოზიციურ მასმედიასო.

ყველა მტრად გაიხადა, ვინც კი მის მიდგომებს ეწინააღმდეგება და არც დაპატიმრებებს ერიდება, ყალბი ბრალდებებითო;- ხელისუფლება გაუტკბა და მისი გახანგრძლივების მიზნით არჩევნების გაყალბებასაც არ ერიდებაო. ყველანაირ ფოკუსს, ტყუილს და უკადრებელს იკადრებს ამ მიზნითო. 

აბა რა გითხრათ, ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა- ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ, უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის- რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის-სიკეთეს, მადლისთვის-მადლს, სიყალბისთვის- სიყალბეს, ბოროტებისთვის-ბოროტებას, სიძულვილისთვის-სიძულვილსა და რისხვას და ა.შ.

თქვენც გილოცავთ ახალ წელს ივანიშვილის მთავრობის, მართლმსაჯულების სისტემის, პარლამენტის და მასმედიის პასუხისმგებელო პირებო და მისი დავალებების შემსრულებლებო! თქვენც მინდა გისურვოთ ყველაფერი იმის ასრულება, რასაც იმსახურებთ.

ამასთან, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს შორის არც თუ ცოტაა ხალასი ბუნების და კეთილი შინაარსის ადამიანები, რომელებსაც აქვთ ქვეყნისთვის, ხალხისთვის რეალურად სასარგებლო საქმის კეთების პოტენციალი და სურვილი.

მინდა გაგიზიაროთ გასული საუკუნის ფილოსოფოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის ელიას კანეტტის წიგნში „მასა და ხელისუფლება“ მოცემული შეხედულება, რომელიც შეეხება ბრძანებასა და პასუხისმგებლობას.

კანეტტის მიხედვით, ყოველი არამართლზომიერი და დანაშაულებრივი ბრძანება შეიცავს შხამს, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე დაატარებენ დამნაშავე შემსრულებლები. თუმც კი გარკვეულწილად ცდილობენ მის იზოლაციას დანარჩენი ორგანიზმისგან.

„ცნობილია,რომ ბრძნების შემსრულებლები გვევლინებიან ყველაზე საშინელი ქმედებების განმახორციელებლებად. როცა ბრძანების გამცემი წყარო აღარ არსებობს და ამ შემსრულებლებს აიძულებენ თავის მიერ განხორციელებული ქმედების გახსენებას, ხშირად ისინი უკვე ვეღარ იხსენებენ ვერც ამ ქმედებას და ვეღარც საკუთარ თავს.“

„ საჭიროა მხნეობა, რათა შევეწინააღმდეგოთ ბრძანებას….. საჭიროა გზისა და საშუალებების გამონახვა მისგან განსათავისუფლებლად.“

„ არ შეიძლება მას მივცეთ იმაზე მეტი საშუალება, ვიდრე კანის გაფხაჭნისა. დაე მისი შხამი შეგვეხოს მხოლოდ მცირე ბოჭკოების სახით, რომელსაც მოვიშორებთ ერთი ხელის ჩამოსმით“- გვასწავლის კანეტტი.

ასე, რომ გისურვებთ მხნეობას, რომ შეეწინააღმდეგოთ დანაშაულებრივ ბრძანებებსა და დავალებებს, რათა მომავალში შეძლოთ ღირსეულად, თავაწეულებმა სიარული და თქვენი ახლობლები არ შეაწუხოს სირცხვილის გრძნობამ, თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო! ვლოცულობ თქვენთვის !

ვულოცავ დამდეგ ახალ წელს საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურად განწყობილ მასმედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებსა და კავშირებს. გისურვებთ გაერთიანებული ძალით წარმატების მიღწევას, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნის საქმეში. მიგულეთ თქვენს გვერდით, ქვეყნის სასიკეთო, საერთო საქმეში.

ვულოცავ ახალ წელს მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. ხალხო, ეს ქვეყანა ჩვენია, სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ვართ მთავარი გადამწყვეტი იმისა, თუ როგორი მომავალი უნდა გვქონდეს ჩვენც, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ და მოვთხოვოთ მთავრობას, თუ როგორ გარემოში გვსურს ცხოვრება- ცივილიზირებულ გარემოში, თუ დაჩაჩანაკებულ, გაღარიბებულ და უპერსპექტივო გარემოში. განვითარება, ცივილიზაცია, მატერიალური სიუხვე და უსაფრთხოება დასავლეთის მიმართულებისკენ სვლა, მათი ღირებულებების გათავისებასა და განვითარებისკენ სწრაფვაში.

გვატყუებენ ისინი, ვინც რუსული ორიენტაციისკენ გვიბიძგებენ. მერწმუნეთ, მე ბევრჯერ ვყოფილვარ, როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, დავკვირვებულვარ საზოგადოების სხვადასხვა ფენების, უბრალო ხალხის ცხოვრებას, შემიფასებია მათი ცხოვრების დონე, მენტალიტეტი, თავისუფლების ხარისხი და სხვადასხვა ცხოვრებისეული ასპექტები.

განსხვავება ისეთია, როგორც ხრიოკსა და ბაღნარს შორის. თუ რუსეთის რეალობაში ხშირად ვხვდებით სიღარიბეს, შიშს, შურს, ქურდობას, მექრთამეობას, კორუფციას, სიძულვილს, ეჭვიანობას (განსაკუთრებით, უცხო ტომის წარმომადგენლებისადმი ), დასავლეთის საზოგადოებაში ვხვდებით მატერიალურად, სოციალურად უზრუნველყოფილ, ბედნიერ, მომღიმარ ერთმანეთსა და უცხოებისადმი კეთილგანწყობილ, თავისუფალ ადამიანებს.

იქ მთავრობა, პოზიცია თუ ოპოზიცია, საზოგადოებრივი თუ კერძო ინსტიტუტები და უბრალო ხალხი ერთმანეთს ეჯიბრებიან სიკეთის კეთებასა და სულგრძელობის გამოვლინებაში. ალბათ, უფრო მეტად უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ახალგაზრდობას, ისინი ხშირად, ჩვენზე უკეთესად ერკვევიან იმაში, თუ სად არის სიკეთე და სად ბოროტება. ამასთან, მათ დაამტკიცეს თავისი პრინციპულობა და პატრიოტიზმი.

ის, რა შედეგიც ამ განვლილ არჩევნებში დაიდო, დიდწილად ჩვენს საზოგადოებაში, ამ დუხჭირ და უპერსპექტივო გარემოში დამკვიდრებული ნიჰილიზმის შედეგია.  მავანი სპეციალურად ამკვიდრებს ასეთ გარემოს, ვინაიდან კარგას ესმის, რომ უიმედო მასის მართვა იოლია. 

ამიტომაც, გისურვებთ ამოიკვეთოთ უიმედობა! კრიტიკულად შეხედეთ დაპირებებსა და ტყუილებით გაჯერებული ანგარიშებს. გააანალიზეთ პერსპექტივები, ნუ შეგაშინებთ სიახლეები და თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებების მიღება- ეს მთავარია, რაზედაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მასა, არამედ თავისუფალი ხალხის საზოგადოება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს და საზღვრავს თავის მომავალს.

კეთილი სურვილებით და მომავლის იმედით,

ამ მთავრობის უკანონო პატიმარი და ბრალდებული

ივერი მელაშვილი”