„ახალის“, „გირჩის“, „დროას“ კოალიციას „რესპუბლიკელები“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

პუბლიკა

„კოალიციას ცვლილებისთვის“ (ახალი, გირჩი, დროა) ოფიციალურად შეუერთდნენ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ – ინფორმაცია ცნობილი დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა, სადაც ხათუნა სამნიძემ და ოქტაი ქაზუმოვმა ისაუბრეს.

„ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანებზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს შევცვლით ამ ხელისუფლებას და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ. „რესპუბლიკური პარტია“ დაფუძნების დღიდან თავის მთავარ დოკუმენტში ამბობდა, რომ მრავალპარტიულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. გავიდა წლები და ჩვენ ვდგავართ ამ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა უნდა იმართოს მრავალპარტიულად, კოალიციურად, დიალოგსა და კონსენსუსზე დაფუძნებით. მე ვდგავარ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთან ერთადაც შეიძლება დიალოგი, დისკუსია, კამათი, შეთანხმება და ერთობლივად ქვეყნის მართვა ისე, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში იყოს მთავარი ორიენტირი“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

ორგანიზაციის „აქტივისტები მომავლისთვი“ წარმომადგენელმა ოქატაი ქაზუმოვმა საქართველოსთვის მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სამომავლოდ ქართული კულტურის ქმნადობაში უფრო მეტი წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად მისი ეთნიკური და რელიგიური მიკუთვნებულობისა, უნდა იწვოდეს და იღვწოდეს საამისოდ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყოს, როგორც ჯერ არს“, – განაცხადა ოქტაი ქაზუმოვმა.