ახალქალაქში მანქანის შესაძლო აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში მანქანის შესაძლო აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანას, განთავსებას, გასროლას, აფეთქებას ან სხვა მოქმედებას, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით.

დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ისჯება.


ადგილობრივი მედიასაშუალება რადიო NOR.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალქალაქში აფეთქდა მანქანა, რომელიც დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმას, მარტუნ მკოიანს ეკუთვნის.

ენზელ მკოიანი ძმის მანქანის აფეთქებას მის მიმართ მუქარას უკავშირებს. როგორც მკოიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ემუქრებოდნენ, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მის ახლობელს მოკლავდნენ.

„მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ახლობლებს მოკლავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სახლიდან არ გამოვსულიყავი და არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. კიდევ მეორედ დამირეკეს და ფული მომთხოვეს. რასაც ისინი ტელეფონით მემუქრებოდნენ, დღეს განახორციელეს“,- განაცხადა მკოიანმა.

დეპუტატის განცხადებით, აფეთქებისას მისი ძმის მანქანა გაჩერებული იყო და ასაფეთქებელი მოწყობილობა 2 მეტრის დაშორებით მდგარ ხესთან იყო დამონტაჟებული.