ახალქალაქში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების მხარდასაჭერად

პუბლიკა

დღეს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების მხარდასაჭერად მშვიდობიან აქციას მართავს.

„ჩვენ არაფერს ვაპროტესტებთ, გამოვედით ჩვენი ძმების მხარდასაჭერად და ვმართავთ მშვიდობიან აქციას“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, მშვიდობიან აქციაში ახალქალაქის გარდა, სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური სომხებიც მონაწილეობენ. პარალელურად გროვდება თანხა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტში დაშავებულებისა და სომეხი სამხედროების დასახმარებლად გაიგზავნება.


28 სექტემბერს თბილისში გაიმართა აქცია აზერბაიჯანის მხარდასაჭერად. გამოცემა report.az-ის ცნობით, აქციის მონაწილეებმა შეასრულეს აზერბაიჯანის ჰიმნი და შემდეგ გადაინაცვლეს აზერბაიჯანის საელჩოსთან თბილისში.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მე-10 დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართულია არტილერია და მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, სომხეთმა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების სისტემებიდანაც მიიტანა სარეკეტო იერიში. ჯერჯერობით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა.

აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 230-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 19 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 27 მოქალაქე შეეწირა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამჟამად მთელი ფრონტის ხაზზე უპირატესობა აზერბაიჯანს აქვს. „სომხეთის ჯარს კატასტროფისგან ერთადერთი რამ იხსნის – დატოვოს ჩვენი ტერიტორიები“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, შაბათ-კვირას მათ უკან დაახევინეს მოწინააღმდეგეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს.

მათ შორისაა ჯაბრაილის დასახლება, რომელშიც ყარაბაღის პირველ კონფლიქტამდე რამდენიმე ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, დღესდღეობით კი მიტოვებულია. ჯაბრაილი, რამდენიმე სოფელთან ერთად, აზერბაიჯანელებმა ფრონტის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გარღვევის შემდეგ აიღეს. დასახლება რეგიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.

აზერბაიჯანელებმა ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ შედარებით მცირე ტერიტორიები დაიკავეს აღმოსავლეთის მიმართულებიდან, სადაც ქალაქ ფიზულს მიუახლოვდნენ.

აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს წინსვლა აქვთ ჩრდილოეთის ფრონტზეც. ბაქო ამტკიცებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით ფრონტის ხაზთან მდებარე თალიში და რეგიონის შედარებით სიღრმეში მდებარე მადაგიზის დასახლება აიღეს.

ერევანსა და ხანქენდში/სტეფანაკერტში არ ადასტურებენ აზერბაიჯანელთა წინსვლას, თუმცა, არც იმის დამადასტურებელი მასალები ჩანს, რომ ამ დასახლებებს ისევ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აკონტროლებს. სანაცვლოდ კი აზერბაიჯანელებმა გაავრცელეს რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მათ მიერ აღებულ დასახლებებში სომხურ დროშებს აზერბაიჯანულით ანაცვლებენ.