გახარია: ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც

პუბლიკა

შესწორება: მასალაში თავდაპირველად ეწერა: „მიუხედავად ბევრი შეცდომისა და მძიმე წარსულისა, ჩვენ – ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს“

შესწორების შემდეგ შეიცვალა ციტატა ასე: „მიუხედავად ბევრი შეცდომისა და მძიმე წარსულისა, რომ არა რუსები, ჩვენ – ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს“

ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნანა ჯანელიძის ახალი ფილმის, „იარე ლიზას“ დაფინანსებაზე კულტურის მინისტრს პასუხობს.

გიორგი გახარიამ ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„სააკაშვილსა და წულუკიანს, თურმე, ერთნაირად, ისე, რომ არ უნახავთ, არ მოსწონებიათ ქალბატონი ნანა ჯანელიძის ახალი ფილმი აფხაზეთის ომზე.

იმ არანორმალურზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩემს თეას კი გუშინ დაუწერია, ნანა ჯანელიძემ ფილმის დაფინანსება ჩაწყობით მოპოვაო.

თეა, ძვირფასო, თქვენ, შენ, ის ბრძენი კაცი ისეთი ტემპით მიექანებით ჩრდილოეთისკენ, რომ სულ მალე ჩვენ, ქართველებსა და აფხაზებს ჩვენი კულტურის, იდენტობის, ხშირად რთული, მაგრამ ერთობლივი ისტორიისა და წარსულის დაცვა რუსებისგან მოგვიწევს ერთად, მხარდამხარ.

შემდგომ ერთად მოგვიწევს თანამედროვე, ეროვნული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. რუსული სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა. კითხვა ისაა, თქვენ სად იქნებით მაშინ? ქართველებისა და აფხაზების  გვერდით თუ რუსებთან? წარმატებები.

მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც, რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და მძიმე წარსულისა, რომ არა რუსები, ჩვენ – ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს“, – განაცხადა მან.


კულტურის სამინისტრომ ფილმზე 28 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, გაგა ჩხეიძემ, როგორც კინოცენტრის მაშინდელმა დირექტორმა, ნანა ჯანელიძის ფილმისთვის „იარე ლიზა“ დამატებით თანხა უკონკურსოდ გამოყო, ამასთან, ჯანელიძის ფილმი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას უშუალო ჩარევით კიდევ 1 200 000 ლარით დაფინანსდა.

გაგა ჩხეიძის თქმით, 2019 წლის დასაწყისში პროექტმა „იარე, ლიზა!“ გაიმარჯვა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში.

კომისია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ თემურ ბაბლუანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი სამსონაძე, ქეთევან ტრაპაიძე და გიორგი კალანდია, ჩამოაყალიბა კინოცენტრის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, ზურა მაღალაშვილმა.

პროექტმა მიიღო უმაღლესი შეფასება, მაგრამ მოთხოვნილი თანხები კომისიამ გაანახევრა და ნანა ჯანელიძეს, ისევე როგორც დანარჩენ 3 გამარჯვებულს (მერაბ კოკოჩაშვილს, ლევან კოღუაშვილს და კახა კიკაბიძეს), თითოეულს გამოუყო 300 000 ლარი.

გაგა ჩხეიძის თქმით, წარმოებაში ჩაშვებულ ფილმებზე ვრცელდება თანხის დამატების წესი. თუ წარმოებას შეექმნა პრობლემები და პროდიუსერი ითხოვს დამატებას, კინოცენტრის კომისია განიხილავს საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უმატებს თანხას.

ჩხეიძის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ თანხის დამატება ოთხიდან სამმა (წარმოებაში ჩაშვებულმა) პროექტმა მოითხოვა. კინოცენტრის კომისიამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გამოყო დაფინანსება.

„ასევე, კინოს კანონის მიხედვით კინოცენტრს არ აქვს უფლება, ფილმი დააფინანსოს 75%-ზე მეტით. 25% პროდიუსერმა უნდა მოიძიოს. ერთხელაც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სიხარულით მითხრა, მთავრობამ მიიჩნია, რომ ფილმი თემის მნიშვნელობის გამო იმსახურებს მიზნობრივ დამატებით დაფინანსებასო.

2020 წლის 25 მარტს ამის თაობაზე მივიღე შეტყობინება სამინისტროდან. მიზნობრივი (პირდაპირი) დაფინანსება არაერთ ქართულ ფილმს აქვს მიღებული (ამასაც კანონი ითვალისწინებს). შესაბამისად, კინოცენტრს დამატებით ჩაერიცხა ეს თანხა სამინისტროსგან.

ნანა ჯანელიძის ფილმი დასრულების შემდეგ ჩაიბარა იგივე კომისიამ, რომელმაც თავიდან დააფინანსა პროექტი, და რომელიც ამოწმებს, შეესაბამება თუ არა დასრულებული ფილმი თავდაპირველ პროექტს.“ – ამბობს გაგა ჩხეიძე.