„ახლა აქ უნდა იდგეს ირაკლი ღარიბაშვილი, თქვენ მაგივრად” – ასე მიმართა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა ENKA-ს ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს.
დღეს ლომინაძე პროექტის ტერიტორიაზე წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასათვალიერებლად მივიდა. ადგილზე მას ადგილობრივი მოსახლეობა დახვდა. სოფელში მობილიზებული იყო პოლიციაც. ლომინაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. მისივე თქმით, რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია.
„მე თუ ჩავიბარე ეს პროექტი, მე ეს ადგილები ფიზიკურად უნდა ვნახო. და პირველ პირში მინდა მოვისმინო, იმ ადამიანების წუხილი, რომელიც დაკავშირებულია ამ პროექტის და კომპანიის საქმიანობასთან”, – მიმართა ლომინაძემ გოლეთიანს.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა მასთან საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობას პროექტთან დაკავშირებით აქვს შეკითხვები – ხელშეკრულებაზე, მიწების გადაცემაზე. ამ მიმართულებით კი მათი კითხვების ადრესატი ლომინაძე არაა, ვინაიდან ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი და მასთან ამ საკითხებზე საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს.
გოლეთიანის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისში შეხვედრიდან „ორი მინისტრი გაიპარა”, ახლა მოსახლეობასთან ამ თემებზე სასაუბროდ მინიმუმ პრემირ-მინისტრი უნდა ჩასულიყო.
„თქვენ არც გადაწყვეტილების მიმღები ხართ ამ კუთხით, არც სამინისტროს წარმომადგენელი არ ხართ და არ ხართ ზოგადად ჩვენი კითხვების ადრესატი. გადაწყვეტილების მიმღები ვინც იყო, ის გაიპარა ქუთაისში შეხვედრიდან, სადაც ხელშეკრულებისა და მიწის საკითხი უნდა განგვეხილა. და ახლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!… ახლა აქ უნდა იდგეს ირაკლი ღარიბაშვილი, თქვენს მაგივრად… თუკი ამ საკითხს ვეღარ წყვეტს ნათია თურნავა, რომელიც გაიპარა ქუთაისში იმ შეხვედრიდან, მაშინ უნდა მოსულიყო უკვე მისი ზემდგომი. ეს ლოგიკურია, ანუ ბატონი ირაკლი [ღარიბაშვილი]”, – აღნიშნა გოლეთიანმა.