„ახლა არ არის პიარის და ქულების დაწერის დრო" - იმნაძე ზუგდიდში ხალხის შეკრებაზე

მინდია გაბაძე

„ხომ შესაძლებელი იყო, ევლოთ კარდაკარ და ერთ-ორ ადამიანს ჩამოერიგებინა [პირბადეები] და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს“, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ზუგდიდში გამართულ საქველმოქმედო აქციას.

მისი თქმით, ახლა არ არის პიარის და ქულების დაწერის დრო.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „COVID-19-ის ინფექცია დღესდღეობით არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ ამით და გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა  აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში  აშკარად იყო დარღვეული. შესაბამისად, ეს გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს,  რომლებზეც სახელმწიფო ზრუნავს.

ტიკარაძემ ზუგდიდის მოსახლეობა დაამშვიდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. მისი თქმით ეს ზრუნვა პირბადეების დარიგების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია. მისი თქმით, რამდენიმე დღეში, საავადმყოფო პირადად ადგილზე ნახავს. „საავადმყოფოში როგორც საკარანტინო სივრცე, ასევე, სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია იქნება. ზუგდიდი და სამეგრელოც, ისევე როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.


საქველმოქმედო აქციაზე, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით პირბადეები და სხვა საშუალებები უნდა დაერიგებინათ, ხალხმრავლობა იყო. „ოდიში ნიუსის” ინფორმაციით, „ახალი ლიდერების ინიციატივითა” და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა, ადგილზე სულ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა. ხალხის ნაკადი ქალაქში პირბადეების დეფიციტმა გამოიწვია.