პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერსიდან გამომდინარე მოხდა.
მისი თქმით, საჭირო იყო საზოგადოებისთვის გაეცნოთ რეალური სიტუაცია, რადგან „ზოგიერთი არასწორად მცხოვრები პოლიტიკოსი“ სიტუაციის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობდა.
„ახლა დისკუსია იმის შესახებ საჭმელი იყო თუ სასმელი, თუ რა იყო, მე ვფიქრობ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის არის, რომ პაციენტის მდგომარეობა, ალბათ, უმჯობესია ვთქვათ პატიმრის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორც ცდილობდა საზოგადოებისთვის ეთქვა ზოგიერთ არასწორად მცხოვრებ პოლიტიკოსს.
როდესაც ცდილობდნენ წარმოეჩინათ მდგომარეობა ისე, რომ მშრალი შიმშილობის შედეგად ადამიანი არის მომაკვდავი, მაშინ, როდესაც ასეთი ვითარება სრულებით არ არსებობს“, – თქვა სარჯველაძემ.
გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება თანდართული ვიდეომასალით, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ექიმებთან ერთად ჩანს და პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საკვებს იღებს.
კადრებს გამოეხმაურა თავად სააკაშვილი და განაცხადა, რომ მას შიმშილობა არ დაურღვევია, მხოლოდ ის საკვები დანამატები მიიღო ექიმებისგან, რაც აუცილებელი იყო სასიცოცხლო მაჩვენებლების შესანარჩუნებლად.