ახლა ძირითადი ამოცანა დამნაშავის დაკავებაა - გიორგი გახარია

პუბლიკა

საკოორდინციო საბჭოს დაწყებამდე გიორგი გახარიამ, ბანკში მძარცველის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, მძევლების უსაფრთხოება პირველი რიგის ამოცანა იყო, ახლა კი ძირითადი ამოცანა დამნაშავის დაკავებაა.

„ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენებში დაუსჯელობის აღქმის გაჩენა“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ბოლო ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.