კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის იწყებს ახალ კამპანიას „ახლა“.
ახლა, როდესაც საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს და მიმდინარე წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, კამპანია მიზნად ისახავს, რომ დამატებითი სტიმული მისცეს საზოგადოების ძალისხმევას მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა.
საქართველო იყო და არის ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის ნაწილი.
ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის ურყევი მისწრაფება სწორედ ამ სულისკვეთების გამოხატულებაა. ევროკავშირთან ერთად, საქართველო იქნება უფრო ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული. ამ მიზანთან საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა!
ევროკავშირის წევრობა სარგებელს თითოეულ ქართულ ოჯახს მოუტანს. კვლევებით დასტურდება, რომ ევროკავშირში ახლად გაწევრებულ ქვეყნებში შემცირდა უმუშევრობა, გაიზარდა ხელფასები და პენსიები, იმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ. ევროკავშირის ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომა და ბარიერების გარეშე ვაჭრობა ხელს უწყობს წევრი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას, რასაც თავის მხრივ მოყვება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
ამის მაგალითია ლიეტუვა, სადაც ევროკავშირში შესვლიდან 2.5 წელიწადში უმუშევრობა განახევრდა. ეკონომიკური განვითარება, ასევე, ხელს უწყობს ხელფასების და პენსიების ზრდას, მაგალითად ბულგარეთში ევროკავშირში შესვლიდან 3 წელიწადში ოჯახების საშუალო შემოსავლები გაორმაგდა.
მაღალი ხარისხის ევროპული ჯანდაცვის სისტემა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება აუმჯობესებს დაავადებების პრევენციას და მკურნალობის ხარისხს – ევროკავშირში შესვლის შემდეგ ესტონეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წლით გაიზარდა. საქართველოსაც აქვს ეს შანსი ახლა! ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობამ საქართველოსაც გაუჩინა შანსი თითოეულმა ოჯახმა ისარგებლოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სიკეთეებით.
ქართველმა ხალხმა ევროპული მომავლისკენ საკუთარი მტკიცე და ურყევი არჩევანი არაერთხელ დაადასტურა. ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენი ძლიერი ოჯახებისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანამ და ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა, არ დაკარგოს დრო და მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ახლა!
კამპანია „ახლა“, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით დაიწყო. მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება.
მაისის თვეში, ევროპის დღის მოახლოებასთან ერთად, კამპანიის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება. ახლა მოქმედების დროა! მოითხოვე რეფორმები დაპირებების ნაცვლად