ახლა გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დააჩქარეთ მუშაობა ყველა მიმართულებით - ვარჰეი

პუბლიკა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის თქმით, მისი რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ დაჩქარდეს რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით.

ვარჰეის თქმით, გაფართოების საკითხი ახლა ევროკავშირის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს შორისაა. შესაბამისად, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ევროკავშირში გაწევრების ყველა მსურველმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

„თუკი ვინმეს სურს ევროკავშირში გაწევრება, სწორედ ახლაა ამისი დრო და არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, გამოიყენეთ შესაძლებლობა. საბედნიეროდ, მქონდა შესაძლებლობა რომ გასულ კვირას ბრიუსელში შევხვედროდი პრემიერ-მინისტრს. ასეთი იყო ჩემი გზავნილი – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ამიტომ გააკეთეთ ის. გააკეთეთ, რადგან ახლა არის უნიკალური შესაძლებლობა, ყველა უნდა ეცადოს მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას. ჩვენ მზად ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ კრიტერიუმები უნდა შეასრულოს ყველამ.

ამიტომ, მთავრობის მიმართ ჩემი რეკომენდაციაა, რომ დააჩქარონ სამუშაო ყველა მიმართულებით, ისე, რომ ოქტომბერში ჩვენ შეგვიძლია სრულყოფილი ანგარიში წარვადგინოთ საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, თუ სამუშაო შესრულებული იქნება“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ასევე ევროკომისრის თქმით, საქართველოში ყურადღება არ უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ქვეყანას მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსი ჯერ არ აქვს. მისი თქმით, საქართველომ მხოლოდ თავისთავზე უნდა იმუშაოს და შეასრულოს მისთვის დაწესებული რეკომენდაციები.

„საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ევროკავშირის მხრიდან თავისთავად უკვე იყო ძლიერი გზავნილი. ეს გზავნილი მკაფიო, ძლიერი და ჯერ კიდევ მოქმედია. ასე რომ, გამოიყენეთ. ნუ უყურებთ სხვებს, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ თქვენ, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ თქვენმა ქვეყანამ წინ წაიწიოს“, – განაცხადა ვარჰეიმ ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

დღეს სტოკჰოლმში ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ევროკომისიამ შუალედური ზეპირი მოხსენება წარადგინა. ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პროგრესი შეაფასეს.