ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი | გვარამია წულუკიანის განცხადებაზე

პუბლიკა

„ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი [სასამართლო] პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია“, – ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ ჩააწერინა.

„როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე ჰგონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

გვარამიამ საჯაროდ მიმართა სახალხო დამცველსაც:

„უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ“.

გვარამია ასევე მოკითხვას უთვლის ფასილიტატორებს და აცხადებს, რომ მის სასამართლო პროცესამდე, ბოლო 10 წუთია უკვე 50-მდე უცნობი ნომრიდან შევიდა ზარი.


საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილება, სიტყვით გამოვიდა კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი.

წულუკიანმა ელისაშვილს, მისი თქმით, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ურჩია, მისთვის დაერეკა და ის რასაც უკარნახებდა, იმაზე ესაუბრა პარლამენტში.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. მას ბრალი 2019 წლის აგვისტოში წაუყენეს.

მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამია სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.