“მთელი გულით ვიზიარებ ტკივილს, ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და ტელეკომპანია პირველს”. – წერს ფეისბუქზე გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკური პარტია, “საქართველოსთვის” ლიდერი.
მისი თქმით, “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი”.
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.
ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.
ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.