„ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები“ | სააკაშვილის მორიგი წერილი

პუბლიკა

ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების საპატიმროში საქართველოს ექსპრეზიდენტი მოინახულა. დაწესებულების დატოვების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი წაიკითხა.

სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ „ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები“. მან ემიგრანტებსაც მოუწოდა, რომ თვის ბოლოს, ერთი კვირით ჩამოვიდნენ „გადამწყვეტი ბრძოლისთვის“.

„მეგობრებო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო. უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით. თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა. მართლა ფრთები შემასხა. რა თქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები – სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

და გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ – ზუსტად ვიცი. ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებზე გამარჯვებისთვის. გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული.

ასევე, მინდა, მივმართო ემიგრანტებს – თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი. ვიცი, გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, – წერს სააკაშვილი.


გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

1 ოქტომბერს სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.