ევროპული კომისიის შეხვედრების წინ დღეს ევროპარლამენტში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის შეფასებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქასაქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, თუმცა ქვეყანას პოლიტიკურად გაერთიანება სჭირდება, რომ მიაღწიოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე.
„მის განაცხადს აქვს ძალა, განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკის საბაზრო ორიენტირებას, ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა, ახლა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რომ მიაღწიოს წარმატებას.
მან მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად ასახავს საჭირო რეფორმებს, მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას და სარგებლობს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით.
სწორედ ამიტომ ვაძლევთ ჩვენ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ კი დაბრუნდეს შესაფასებლად, თუ როგორ აკმაყოფილებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელ პირობებს“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თუ როგორ იმოქმედებენ ევროინტეგრაციის გზაზე ეს ქვეყნები, მათზეა დამოკიდებული, ევროინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით ხდება.
თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირზეა დამოკიდებული, როგორ უპასუხებს ამ ქვეყნების მისწრაფებებს, გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ახალგაზრდა დემოკრატიები მათთან ერთად ყოფნით აღწევდნენ წარმატებას.