ახლა საქართველოს ევროპული გზა სრულყოფილადაა მონიშნული, იცით, რა უნდა გაკეთდეს - ბორელი

პუბლიკა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის დადასტურებას, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად მისთვის პირობების დაწესებას ეხმაურება.

ბორელის თქმით, საქართველო ევროპულ გზაზე დგას და ახლა ქვეყნისთვის მკაფიოდაა მონიშნული, რა უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციის გასაღრმავებლად.

„საქართველო ახლა ნამდვილად დგას ევროპულ გზაზე. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არ უნდა შევაფასოთ არასათანადოდ. პირიქით, ეს, ასევე არის ნიშანი აშკარა წახალისების და მკაფიო მხარდაჭერისა.

ახლა საქართველოს ევროპული გზა სრულყოფილად არის მონიშნული – იცით რა, როგორ და როდის [უნდა გაკეთდეს]. ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიშრომოთ საქართველოს საზოგადოების მხარდასაჭერად, გამოიყენოს ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად“, – ამბობს ჯოზეფ ბორელი საქართველოსადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ აღიარეს მისი ევროპული პერსპექტივა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები უნდა შეასრულოს.

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ თავისი შეფასება 17 ივნისს გამოაქვეყნა და მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციაზე მუშაობას დაიწყებს და შეასრულებს მისთვის დასახულ პრიორიტეტებს. ევროკომისია საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შეაფასებს.