ახლა თავისუფალია 2000 საწოლი, იქითა კვირიდან ხელმისაწვდომი იქნება კიდევ 1000 - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში არის 2 000 თავისუფალი საწოლი და მომდევნო კვირას დამატებით კიდევ 1000 საწოლის მობილიზება იქნება შესაძლებელი.

„დღეს გამოიცა სახელმწიფოს მხრიდან ახალი ბრძანება, რითაც ჩვენ გამოვაცხადეთ მობილიზაცია დამატებით 1000 საწოლზე. ის კლინიკები, რომლებიც უკვე კარგად არიან გამოცდილები კოვიდის მართვაში ეტაპობრივად იწყებენ კვლავ ჩართვას.

ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს 5 500 საწოლი, სადაც მობილიზებულია ყველა ის ინვენტარი, რაც სჭირდება პაციენტს და ასევე მობილიზებულები არიან ჩვენი უკვე გამოცდილი ექიმები კოვიდმართვაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტპაზე მკურნალობას გადის  3 500-მდე პაციენტი, აქედან გამომდინარე, 2000 საწოლი არის თავისუფალი და შემდეგი კვირის  განმავლობაში კიდევ დამატებით 1000 საწოლი იქნება ხელმისაწვდომი“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მისივე თქმით, ასევე მობილიზებულია 9 კოვიდსასტუმრო, სადაც მკურნალობას გადიან მოქალაქეები.

დღევანდელი სტატისტიკით, ბოლო 24 საათში კოორნავირუსის 1226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი.