ახლა უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ზელენსკიმ ხალხს მიმართა

პუბლიკა

„ახლა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი ჩვენს ისტორიაში“ – ამბობს ზელენსკი ვიდეოში, რომლითაც უკრაინელ ხალხს მიმართა. მიმართვა ეხება ტრამპის სამშვიდობო გეგმას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გუშინ განაცხადა, რომ მიიღეს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პრეოქტი და რომ ზელენსკის მისი ტრამპთან განხილვა სურდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ უღალატებს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს და შეეცდება „კონსტრუქციულად“ ითანამშრომლოს აშშ-სთან შემოთავაზებული შეთანხმების შესწორების მიზნით, რათა რუსეთს არ შეეძლოს იმის მტკიცება, რომ კიევს მშვიდობა არ სურს – „მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“.

„ახლა უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე – და ვენდოთ იმას, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს“, – ამბობს ზელენსკი УНИАН-ის ციტატის მიხედვით.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შაბათ-კვირას და მომავალ კვირამდე, „სანამ საჭირო იქნება“, 24/7 იმუშავებენ აშშ-ს გეგმის გასაუმჯობესებლად, რათა „ყველა პუნქტს შორის, სულ მცირე, ორი არ გამოგვრჩეს: უკრაინელების ღირსება და თავისუფლება“.

„რადგან ყველაფერი დანარჩენი ამაზეა დაფუძნებული – ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი. და უკრაინის მომავალი“, – ამბობს ის.

ზელენსკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ევროპელი პარტნიორებისგან იღებს, რომლებსაც, მისი თქმით, ესმით, „რომ რუსეთი შორს არ არის… და უკრაინა ერთადერთი ფარია, რომელიც კომფორტულ ევროპულ ცხოვრებას პუტინის [აგრესიის] გეგმებისგან ჰყოფს“.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აფასებს გიმირი უკრაინელი ერის ქებას, როდესაც ისინი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ აღნიშნავს, რომ უკრაინელები წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ არიან, რადგან ყოველდღიური თავდასხმები გრძელდება. მისი თქმით, უკრაინელები „ფოლადისგან“ არიან შექმნილები, მაგრამ ნებისმიერმა ლითონმა, თუნდაც ყველაზე ძლიერმაც კი, შეიძლება ვერ გაუძლოს ყველაფერს.

ზელენსკი ამბობს, რომ 2022 წელს და ამ კრიზისის განმავლობაში სხვადასხვა ზეწოლას განიცდიდა, მაგრამ წინააღმდეგობა გაუწია მათ, რადგან „ყველას მხარდაჭერას გრძნობდა ზურგს უკან“.

„ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას მაშინ და არც ახლა გავაკეთებთ ამას“, – ამბობს ის.


Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო გეგმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა.

გეგმას 28 პუნქტი აქვს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის არმიის შემცირებას და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.

გეგმისვე თანახმად, დონეცკის ოლქის იმ ადგილიდან, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და ეს ზონა ნეიტრალურ, დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად ჩაითვლება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული იქნება, როგორც რუსეთის შემადგენლობაში მყოფი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს.

Axios-ის თანახმად, გეგმაში ნახსენებია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, არ არსებობს კონკრეტიკა.