ახლა უკრაინას შეუძლია $10 მილიარდის ღირებულების მარცვლეული გაიტანოს ექსპორტზე - ზელენსკი

პუბლიკა

რუსეთზე ზეწოლისა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, გაეროს ჩართულობით, თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულისთვის უსაფრთხო დერეფნის გაკეთებაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების შედეგები პოზიტიურად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. მისი თქმით, შეთანხმება მთლიანად მიესადაგება უკრაინის ინტერესებს და მათ არამარტო პორტების განლოკვის, არამედ შემდგომ მათი დაცვის შესაძლებლობაც მიეცა. პორტებზე სრული კონტროლი უკრაინის ხელისუფლებას ექნება.

ზელენსკის თქმით, უკრაინას გასული წლის მოსავლიდან, 20 მილიონი ტონა მარცვლეულის გატანა შეუძლია ექსპორტზე. ამჟამად მიმდინარეობს წლევანდელი მოსავლის აღება და ძველ მოსავალთან ერთად მისი გაყიდვაც იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ ახლა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების მარცვლეულის გატანა შეგვიძლია“, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერებს შიმშილისა და გლობალური კატასტროფის რისკებს. „შიმშილისა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, არ აქვს იმედი, რომ რუსეთი არ შეეცდება პროვოკაციების მოწყობას და უკრაინის დისკრედიტაციას, მაგრამ ენდობა გაეროს, რომელიც ამ პროცესში ჩაერთო.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რუსული აგრესიის გამო, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს რუსეთის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეთანხმებასა და ხელმოწერაზე, ამიტომ, შედგა ორმაგი შეთანხმება, ერთ თურქეთის თავდაცვის მინისტრის, გაეროს გენერალური მდივნისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმოწერა აქვს. მეორეს კი თურქეთის, გაეროსა და რუსეთის წარმომადგენლები მოაწერენ ხელს.

შეთანხმება სამი უკრაინული პორტისთვის უსაფრთხო მუშაობის შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებს. ამასთან, გემებს არ გაჰყვებათ რუსული ესკორტი და მოსკოვი მათ თავს არ უნდა დაესხას. თურქეთის ტერიტორიულ წყლებში კი ხომალდებს ერთობლივი ჯგუფები შეამოწმებენ.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული მხარის მრავლჯერ მოთხოვნის მიუხედავად, შეთანხმება რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას არ ითვალისწინებს. შეთანხმება არ გულისხმობს რაიმე სახის ზავსაც რუსეთსა და უკრაინას შორის.