11 დეკემბერს, 12.00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართველოს პარლამენტში პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს მოაწერენ.
ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ რჩება ბოიკოტის რეჟიმში და არ მიიღებს მონაწილეობას პირველ სხდომაში, თუმცა მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას ყველა მათგანი არ აპირებს.
ცნობილია, რომ სიას ანულებენ და მანდატებზე უარს ამბობენ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ დეპუტატები. მათ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მსჯელობის შედეგად მიიღეს.
მათთან ერთად, საერთო ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტები“.
ცნობილია, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ელჩების ფასილიტაციით გამართულ დიალოგში მონაწილეობს, თუმცა ოპოზიციის შეკრებებს არ ესწრება. როგორც „პუბლიკას” პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საპარლამენტო სიის ჩახსნას აპირებს.
მისი თქმით, ისინი ოპოზიციის მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღში დაგეგმილ ღონისძიებას არ შეუერთდებიან და ყველა საჭირო იურიდიულ პროცედურას დამოუკიდებლად წარმართავენ.
ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი და სიის პირველი ნომერი ზურაბ ჯაფარიძე.
„[ხვალ 12:00-ზე] პარლამენტში არ ვიქნები, ალბათ აქ ვიქნები, „გირჩის“ ოფისში.
[მანდატების განულების ღონისძიებაზეც] არა, იმიტომ, რომ ეგეთ ღონისძიებებზე 3-ჯერ მაქვს უკვე რაღაცაზე ხელი მოწერილი და მესმის, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისთვის, რომ ბოიკოტის რეჟიმი შევინარჩუნო და პარლამენტში არ შევიდე, ყველა იმ პროცედურას გავივლი ჩემით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანამ დიალოგის რესურსი ამოწურული არ არის, მანდატის შენარჩუნებას გეგმავს.
„არა, ეს მაგას არ ნიშნავს ამ შემთხვევაში. რა პროცედურასაც გაივლიან ყველა სხვები, იმავე პროცედურებს იმავე ვადებში გავივლი მეც. უბრალოდ, არ მიყვარს რაღაც ეგეთი ცერემონიები… მე ჩემი სიტყვის ერთგული ვარ, რაც მაქვს ნათქვამი, იმას დავიცავ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო სიის დანარჩენ წევრებს – მას, იაგო ხვიჩიას და ალექსანდრე რაქვიაშვილს ჯერ „ვიზუალურ მხარეზე“ არ უსაუბრიათ, მაგრამ მონაწილეობენ პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში.
„საჯარო უარზე, როგორ მივიღებთ „გირჩი“ მონაწილეობას, ეს ინფორმაცია არ მაქვს, არ გვიმსჯელია შიგნით ამაზე… ვიზუალები არ მომწონს… აი, როდესაც ქვეყანაში არის ესეთი კრიზისი, შავი ჭირი რო არის და შენ რო სპექტაკლს დგამ.. აი არ მომწონს ეს სიგიჟე. შეიძლება, უბრალოდ არ წავიდე, შეიძლება დავყვე და მაინც წავიდე… მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ეგ ნაწილი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ არ დგას“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მოლაპარაკების პროცესის დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმის იდეა არ მოსწონს „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს. მისი შეფასებით, ეს პროცესი მოლაპარაკების საბოტაჟია.
„თვეზე მეტია, დავდივართ მოლაპარაკებებზე, ელჩებთან ერთად რუდუნებით გავდივართ საკითხებს… პარალელურად ვიწყებთ ოპოზიცია პროცესს, რომ მანდატები დავწვათ რომელიღაცა ხიდზე… ამით რას ვამბობთ? თუ არ გვინდა ეს მოლაპარაკებები, ვთქვათ გულწრფელად, ვთქვათ, რომ მთელი ეს პერიოდი იყო ტყუილი, რასაც ვაკეთებდით, ან ის შეთანხმება, რომ რაღაცაში პროგრესი გვაქვს, რაღაცაში არ გვაქვს, ეს ფარსი გამოდის.
მოლაპარაკებიდან თუ ვერაფერს ვერ გამოვიტანთ, მერე რა თქმა უნდა ეს პროცესი ავტომატურად წავა და არ უნდა ამას გაფორმება და ხიდიდან გადახტომა, ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და მორჩება. ოღონდ, თუ მოლაპარაკებებში ხარ, ეს ყველაფერი არის საბოტაჟი მოლაპარაკებების“, – განაცხადა მან.