ახლავე შემიძლია საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისთვის – მდინარაძე

პუბლიკა

ახლავე შემიძლია, საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისთვის და მე ამას ვაკეთებ, – განუცხადა ჟურალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

საქმე ეხება მდინარაძის გუშინდელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა და მას უკრაინა არ დაუტოვებია.

„თქვენ, ალბათ, გგონიათ, რომ მე ბოდიშის მოხდა გამიჭირდება. ჩემთვის პირველი – იყო ცოტა უხერხული სიტუაცია, რომელიც საღამოს აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარეობდა. ახლავე შემიძლია, საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში გუშინდელი უხერხულობისთვის და მე ამას ვაკეთებ, მაგრამ ერთია, რომ, რაც არ უნდა პირადი ემოციები ყოფილიყო, გუშინ საღამოს მთელი ქვეყანა დარწმუნდა ერთ რამეში – სპეცოპერაცია წარმატებით შედგა და რომ არა ისე დაგეგმილი მთელი დღე, როგორც ეს დაგეგმეს ქართველმა სამართალდამცავმა უწყებებმა, ეს ოპერაცია ასეთი წარმატებით არ ჩაივლიდა. დანარჩენი არის დეტალები, რაზეც ყურადღების გამახვილება არ ჭირს. თქვენ რაც მითხარით, ახლა ის გავაკეთე, რაც არ უნდა უცნაური იყოს თქვენთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.