ახლობლების ცნობით, ღამით დააკავეს მოქალაქე ლაშა გოგებაშვილი. მეგობარი ამბობს, რომ მის მანქანას გზა გადაუკეტეს და როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, გოგებაშვილი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.
ახლობელი „ტვ პირველთან“ ყვება, რომ მომხდარი შესაძლოა პარლამენტის წინ ნაძვის ხეზე დროშის დაკიდებას უკავშირდებოდეს. „ტვ პირველის“ ცნობით, გოგებაშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
„გუშინ ავიდა და დროშას უკეთებდა ნაძვის ხეს. ამ დროს ჩამოეკიდა ტოტს, ხელი მოკიდა და აბრალებენ ტოტის მოტეხასო. ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ რომ იტყვიან, მილიონი ღირს ეს ნაძვის ხე, ტოტი მოტეხა მილიონს და გაუშვებენ 9 წლიანზე უდანაშაულო ადამიანს, რომელსაც საერთოდ არასდროს არაფერი დაუშავებია. თუ ვიყავი გაბრაზებული, ახლა ვარ გამწარებული და ამას არ ვაპატიებთ, უფრო მეტნი გამოვალთ. არ არსებობს! ლაშა გოგებაშვილს რამდენი ხელიც დაერტყმევა, იმდენს არ ვაპატიებ, არ არსებობს! ხელი არ დაადოთ ლაშას“, – ამბობს დაკავებულის ახლობელი „ტვ პირველთან“.
8 დეკემბერს გამთენიისას პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ნაძვის ხეზე აქციების დროს ნაცემი ადამიანების ფოტოები, ასევე საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები დაკიდეს. ეს ყველაფერი დღეს შესაბამისმა სამსახურებმა ჩამოხსნეს და ნაძვის ხის აწყობის პროცესი გააგრძელეს.