რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელმა პროფკავშირმა – „გილდიამ“ გაავრცელა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ახმეტელის თეატრმა“ ორი თანამშრომელი სამსახურიდან დაუსაბუთებლად გაუშვა.
„გილდიამ” დამსაქმებლის წინააღმდეგ შრომითი დავაც წამოიწყო და თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
„პუბლიკასთან” საუბრისას ახმეტელის თეატრის წარმომადგენელი თანამშრომელთა გათავისუფლებას უარყოფს.
„არავინ გათავისუფლებულა, მე ვერ გეტყვით სხვას, რა მოხდა. მუშაობდნენ და მუშაობენ. საკითხი, რა თქმა უნდა, ამოწურულია, [თუმცა] არ დადიან სამსახურში. „მოდით“ და არ მოდიან. რატომ არ მოდიან, არ ვიცი.
არ გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მათთან გათავისუფლების შესახებ სატელეფონო ზარი შედგა. ეს არის ტყუილი“, – ამბობს თეატრის წარმომადგენელი „პუბლიკასთან“.
როგორც „პუბლიკასთან“ „გილდიის“ იურისტი შალვა ხვთისიაშვილი ამბობს, წლის დასაწყისში, იანვარში, 27 და 15-წლიანი სტაჟის მქონე ორ კაპელდინერს სატელეფონო ზარით შეატყობინეს, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებდნენ.
იურისტის განმარტებით, ისინი, დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ, მიეღოთ წერილობითი განმარტება და ბრძანება გათავისუფლების შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, ამ ოფიციალურ მიმართვებზე მათ დამსაქმებლისგან რეაგირება ვერ მიიღეს. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში არ მიდიოდნენ ისინი სამსახურში.
იურისტის თქმით, დამსაქმებელი კომუნიკაციაზე არც მათთან გადიოდა – არ პასუხობდა ზარებსა და მესიჯებს. ამის შემდეგ „გილდიამ“ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა გადაწყვიტა.
ხვთისიაშვილის თქმით, დამსაქმებელი კომუნიკაციაზე მედიასაშუალებით საკითხის გაშუქების შემდეგ გავიდა და გათავისუფლების ფაქტი უარყო.
ზემოთ აღწერილის შემდეგ, დასაქმებულებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა. „პუბლიკა“ მიადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს.