აქციების დროს დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „tv pirveli-ის” ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავების კადრებს და ამბობს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ზუსტად ასეთი მეთოდებით ცდილობდნენ მის შემთხვევაშიც ნარკოტიკის ჩადებას.
მისი თქმით, ნანახი კადრები ძალიან ჰგავს მისი დაკავებისა და ჩხრეკის კადრებს, რა დროსაც, მისივე თქმით, ნარკოტიკი ჩაუდეს.
ახობაძე ამავე პოსტში წერს, რომ მის შემთხვევაში ბიოლოგიური მასალა იღლიებიდან და პირის ღრუდან ნებართვის გარეშე აუღეს და დაატანეს „ჩადებულ ნარკოტიკს”.
„გუშინ ინგა გრიგოლიას ეთერს რომ ვუყურებდი, ძალიან მინდოდა, შესაძლებლობა მქონოდა ჩართვის და იმის თქმის, რაც მომაწვა ყურებისას, ფაქტობრივად ჩემ დაკავებას ვუყურე გვერდიდან, „დეჟა ვიუ” მქონდა! ერთნაირი მოძრაობები, ალყის შემორტყმა, სიტყვებიც კი იგივე ისმოდა – „ნუ პანიკიორობ!”, მოწმის გვერდზე გაწევა, ამ რაოდენობის ადამიანის ასე უცბად თავს შემოხვევა და ალყაში მომწყვდევა.
განსხვავება იყო ერთადერთი ის, რომ მე გადამაყუდეს რაღაც მომენტში. ზუსტად ასეთი მეთოდებით ცდილობდნენ ჩადებას. ჩემს შემთხვევაში ჯერ უკანა ჯიბეში, სადაც ვერ მოახერხეს და მერე წინა ჯიბეში ჩამიცურეს.
მანდ არ გამოუვიდათ, ის გოგო რომ არა, აუცილებლად იქნებოდა ლაშა ახლა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაჭერილი და მოგვისვამდნენ მე და კაციას გვერდზე.
მადლობა ამ გოგოს, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთა, ასე რომ იყოჩაღა და გადაარჩინა ლაშა.
ეს ყველაფერი საჯარო გახდა და ვერ შეძლეს ჩანაფიქრის განხორციელება, ვფიქრობ ამან შეაჩერა და ასევე იმან, რომ თუ „ამოიღებდნენ ფაქტს” ამდენი ადამიანის, მოწმეების თვალწინ მოუწევდათ დალუქვა და შესაბამისად, რომ დალუქავდნენ ლაშას ბიოლოგიური მასალა ზედ ვერ იქნებოდა დატანილი. ჩემ შემთხვევაში მოწმე არ იყო, რომ დალუქვა ენახა, ბიოლოგიური მასალა ჩემი თანხმობის გარეშე ხელთათმანით იღლიებიდან და პირიდან ამიღეს და დაატანეს იმ ჩადებულ შეკვრას.
ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადამიანების დასაკავებლად სამმართველოს უფროსები, პოლიციის უფროსები არ დადიან თავად და იქ იყო ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი”, – ახობაძის წერილი სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გიორგი ახობაძე 7-8 დეკემბრის ღამეს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.