ახობაძის დასკვნითი სიტყვა | რა გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე

„საქმეში მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებაა და მათ მიერ შედგენილი ჩხრეკის ოქმი, რაც ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად, რომელსაც სასამართლო უნდა ენდოს, ჩხრეკის კანონიერების შეფასების ნაწილში, ვინაიდან მათ ნამდვილად შეეძლოთ და არ მოიპოვეს ჩხრეკის ამსახველი ნეიტრალური მტკიცებულება”, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბრისას გიორგი ახობაძის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.

დღეს, 22 ივლისს გიორგი ახობაძის პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა.

ახობაძე ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს, საქმეში არსებული ექსტერტიზის დასკვნა კი გააყალბეს.

მომდევნო სხდომაზე, რომელიც 25 ივლისს ჩაინიშნა, სასამართლო ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს და გამოცხადდება განაჩენიც.

რა გარემოებებზე ისაუბრა დაცვის მხარემ:

ადვოკატებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოა პოლიციელთა ჩვენებები, რომ ჩხრეკა-დაკავების დროს მათ ვიდეოს გადაღება ვერ მოახერხეს.

ისაუბრეს ამგვარი სპეციფიკის საქმეზე ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების სტანდარტზეც, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე არცერთ პოლიციელს არ ჰქონია მცდელობა ჩხრეკა-დაკავების ვიდეოგადაღების. მათივე თქმით, ამას გარდა, საქმეში არსებული დოკუმენტებით, პატაკი რამდენიმე საათით ადრე შედგა, რაც პოლიციელებს აძლევდა შესაძლებლობას, მომზადებულიყვნენ ამ ოპერაციისთვის, თუმცა ამისთვის „ღონე არ იხმარეს, კოლეგებს არ მიმართეს დახმარებისთვის, არც ნეიტრალური მოწმე დაისწრეს, არ იზრუნეს, რომ ტექნიკურად აღჭურვილნი ყოფილიყვნენ. ეს მაშინ, როდესაც საღამოს 9 საათზე, ამბობენ, არსებობდა კონკრეტული ინფორმაცია“.

ამას გარდა, ადვოკატის თქმით, საქმეზე დაკითხულმა ექვსივე პოლიციელმა განაცხადა, რომ თან ჰქონდათ მობილური ტელეფონები, რომელსაც ჰქონდა ვიდეოს გადაღების ფუნქცია, ასევე დაადასტურეს, რომ მობილური ტელეფონი წარმოადგენს ტექნიკურ საშუალებას.

რაც შეეხება ოქმში მითითებულ ადამიანური რესურსის არ არსებობას, დაცვის მხარე აცხადებს, რომ რეალურად ადგილზე რამდენიმე პოლიციელით მეტი იმყოფებოდა, ვიდრე ეს საქმის მასალებშია აღნიშნული. ასევე, საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს საპატრულო პოლიცია, რომელმაც თავდაპირველად გააჩერა ახობაძის მანქანა. ამას გარდა, ადვოკატების თქმით, პოლიციელებს არ ჰქონიათ კომუნიკაცია კოლეგებთან, რომ მათთვის დამატებითი ძალა გამოეყოთ.

ასევე, დაცვის მხარემ ვერ მოისმინა ანგარიშგასაწევი, სარწმუნო არგუმენტები, რატომ არ იზრუნეს პოლიციელებმა ჩხრეკაზე დაესწროთ ნეიტრალური პირი მოქალაქეები, რომელიც გადაადგილდებოდნენ ქუჩაში.

ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქმეზე გამოვლენილი გარემოებებით, დგინდება, რომ პატაკი შედგენილია პოსტფაქტუმ, ვინაიდან მასში ასახული ინფორმაცია შეუძლებელია, რომ წინასწარ ცნობილი ყოფილიყო ვინმესთვის – საუბარია, მანქანით გადაადგილების მარშრუტზე, ახობაძისა და მისი მეგობრის, ლევან ბერიძის ერთმანეთთან შეხვედრისა და სახლში დაბრუნების დროზე. გიორგი ახობაძის თქმით, წინასწარ თავადაც არ იცოდა, რომელ საათზე და რა გზით დაბრუნდებოდა სახლში.

დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული საშუალების ექსპერტიზაზეც. მათი თქმით, ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე წარდგენილ შესაფუთ მასალაზე გაკეთდა ერთი ანაწმენდი, საერთო ჩხირით. რის შედეგადაც შეუძლებელია გაიმიჯნოს, კონკრეტულად რომელ მათგანზე აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ. მისი თქმით, ვინაიდან აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს აღნიშული გარემოება მათ შორის საქმეში არსებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობის კუთხითაც.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარემ ასევე ვერ გამორიცხა ვარაუდი, რომ შესაძლებელია ხელოვნური გზით ნივთზე დნმ-ის დატანა. აღსანიშნავია, რომ ახობაძე აცხადებს, რომ მისი პირის ღრუდან არაოფიციალურად აიღეს ნერწყვი და დაიტანეს საქმეში არსებულ ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე.

ვრცლად ნახეთ ვიდეოში: