ახვლედიანი: მოვუწოდებ ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ პარლამენტში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი

პუბლიკა

„მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ქვეყნის დასავლური ორბიტიდან საბოლოოდ მოწყვეტა.

„თუ მართლა გვსურს, რომ ერთხელ მაინც ვიქცეთ ნორმალურ, თანამედროვე, სამართლებრივ სახელმწიფოდ, მაშინ სწორედ ახლა, ყველას, ვინც ამ აზრზე ვართ, გვმართებს ერთად შემოვკრათ განგაშის ზარი, რომელიც იქნებ ახლა მაინც გამოაფხიზლებს და ოდნავ ადეკვატურს გახდის ხალხისგან და საქვეყნო ინტერესისგან გაუცხოებულ ხელისუფლებას!

არც ფიქრის, აღარც განსჯის დრო აღარაა – აქ და ახლა უნდა ვუშველოთ საქართველოს:

– გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი!

– ღირსეული პატივი მივაგოთ უკრაინაში სამშობლოსთვის შეწირულ ქართველ გმირებს!

– არ დავუშვათ ქვეყნის დასავლური ორბიტიდან საბოლოოდ მოწყვეტა!

ერთად, ყველა შესაძლო კონსტიტუციური გზით, წინ აღვუდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელ ამ პროცესს!

მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი და დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ქვეყნის გადარჩენის კრიზისული გეგმის შესამუშავებლად და შესასრულებლად“, – წერს ახვლედიანი.