აკუსტიკურ ხმაურზე გამკაცრებული სანქციები 14 დეკემბრიდან ამოქმედდება

პუბლიკა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, გაზრდილი ჯარიმები ძალაში მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან შევა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე, ჯარიმის დადგენილი ოდენობები აკუსტიკური ხმაურის გადაჭარბების პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა.

თბილისის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან.

„კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ან საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია და დადგენილია შესაბამისი ფულადი ჯარიმებიც, თუმცა დღემდე დადგენილი სანქციები, ჯარიმის ოდენობები, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, დარღვევის იმ შინაარსს, რაც რეალურად ხდება. ამიტომაც, მოვამზადეთ კანონპროექტი და წარვუდგინეთ პარლამენტს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის.

გვესმის ბიზნესის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანების უფლებები, რომლებზეც დასაშვებ დონეზე მეტად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობასა თუ ემოციურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის კანონმდებლობით დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ ინდივიდუალური მეწარმის  1 500 ლარით.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა, შესაბამისად, 500 და  5000 ლარამდე იზრდება. მესამე და ყოველი შემდგომი დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირისთვის  1000, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარი იქნება.

კანონპროექტის მიღების მიზეზად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობა, ასევე, კოდექსის რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა სახელდება.