ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში შეყვანას სთხოვს. ალა პუგაჩოვა ამ ნაბიჯით სოლიდარობას უცხადებს თავის ქმარს, რუსეთში ცნობილ კომიკოსსა და პაროდისტს, მაქსიმ გალკინს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ამ სიაში შეიყვანა.
„მივმართავ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემი ქმრის – გულწრფელი, წესიერი და პატიოსანი ადამიანისადმი. რუსეთის ნამდვილი და მოუსყიდველი პატრიოტისადმი, რომელსაც სურს სამშობლოს აყვავება, მშვიდობიანი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება. სურს, შეწყდეს ჩვენი სამხედროების სიკვდილი ილუზორული მიზნებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას რიყავს და მისი მოქალაქეების ცხოვრებას ართულებს“, – წერს ალა პუგაჩოვა.
მაქსიმ გალკინი „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში მოსკოვში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, გალკინი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და დაფინანსებას უცხო ქვეყნიდან – უკრაინიდან იღებს.
მაქსიმ გალკინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების ბრალდება უსაფუძვლოა, დაფინანსებას არ იღებს, თავის საქმიანობას და შეფასებებს კი არ შეწყვეტს, რადგან, მისი თქმით, პირადი მოსაზრებების გავრცელებას სიტყვის თავისუფლება იცავს.
გალკინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ის და ალა პუგაჩოვა ომის დაწყებიდან მალევე ქვეყნიდან წავიდნენ, აგივსტოში ოჯახი რუსეთში დაბრუნდა, თუმცა ამ დროისთვის გალკინი ისევ საზღვარგარეთ იმყოფება. ალა პუგაჩოვას კი ომთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუხატავს.