ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 20 სექტემბერს „რესპუბლიკის გამოცხადების 35-ე წლისთავი“ აღინიშნეს. სამხედრო აღლუმის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართა:
„ჩვენ ღიად ვამბობთ: დროა, მათ, ვინც საქართველოში იპოვა სიმამაცე ეღიარებინა სააკაშვილის პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის გამო, გადადგას შემდეგი ნაბიჯი. აღიარეთ სამხრეთ ოსეთი. არა პოლიტიკის გამო. მომავლის გულისთვის. სამართლიანობისთვის. რათა კავკასიის ყველა ხალხი მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრობდეს“.
გარდა ამისა, როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, აღლუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ და ვლადიმერ პუტინის მიმართვა წაიკითხა. მიმართვაში ნათქვამია, რომ „რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადასაჭრელად“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში შეიქმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია“. მას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ „2008-ში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე განახორციელეს შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს“.