ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ჩავიდა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა რუსული მედიას უთხრა, გაგლოევი ზაპორიჟიაში, ოკუპირებულ მელიტოპოლში მე-4 სამხედრო ბაზაზე ოს მებრძოლებს შეხვდა და სამხედრო ეკიპირება გადასცა.
ნატალია ბოსიკოვას თქმით, გაგლოევის მიერ თანამემამულეებისთვის გადაცემულ სამხედრო აღჭურვილობასა და ეკიპირებას შორის იყო კვადროკოპტერები, თერმული ხედვის ხელსაწყოები, ზამთრის აღჭურვილობა, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და სხვ.
„სპეციალური ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან სახელმწიფოს მეთაური მუდმივ კავშირშია ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან და კარგად იცნობს სიტუაციას, იცის რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად“, – განუცხადა ბოსიკოვამ რუსულ პროკრემლისტურ მედიას.
სხვადასხვა ღია წყაროების მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროები ცხინვალის რეგიონიდანაც იღებენ მონაწილეობას. უკრაინაში 20-ზე მეტი მათგანია დაღუპული.