ალან გაგლოევმა ცხინვალში დაგეგმილი რეფერენდუმი შეაჩერა

პუბლიკა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთთან შეერთებისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი შეაჩერა.

გაგლოევის თქმით, რეფერენდუმი, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის ლეგიტიმური ინტერესებისა და უფლებების დაცვის გარეშე უნდა გამართულიყო, გაურკვეველ სამართლებრივ შედეგებს ითვალისწინებდა.

ამის სანაცვლოდ, ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებას „რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ“, რაც ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის არსებული შეთანხმებების პირობებში რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავებასა და საამისოდ დელეგაციის შექმნას ითვალისწინებს.

რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ოკუპირებული რეგიონის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დანიშნა. რეფერენდუმი ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები წააგო, თანამდებობის დატოვებამდე რეფერენდუმი მაინც დანიშნა.