ალავერდზე დაცვის იგივე კანონები მოქმედებს, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზეა. ის წინასწარულ ნუსხაშია - ხელოვნებათმცოდნე

პუბლიკა

„ალავერდის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია, რაზეც დაცვის იგივე კანონები მოქმედებს, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე“, – აცხადებს ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილი ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან კომპანია „ბადაგონის“ მიერ სასტუმროს მშენებლობაზე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებულ მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რთულია მსჯელობა, მაგრამ, თუ მშენებლობა დაწყებულია, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს.

„ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს. ალავერდის ტაძარი არის მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში. მთლად სიაში არ არის,  მაგრამ წინასწარულ ნუსხას ვეძახით, რომელზეც ძეგლის დაცის იგივე კანონები მოქმედებს, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე. გარდა ამისა, ალავერდის გარშემო ძალიან ვრცელ ტერიტორია შეიძლება ჩაითვალოს კულტურული ლანდშაფტის ძეგლად. ამ საკითხზე ჩვენი კანონი ძალიან სუსტია.

გარდა ამისა, ამ ტერიტორიას გეოლოგიური პრობლემებიც აქვს. მრავალმხრივ განსახილველია და ეს უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოებმა. ამის გარეშე არ შეიძლება, რომ რამე განხორციელდეს“, – თქვა ICOMOS საქართველოს წევრმა, ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილმა.

ფოტორენდერი

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან, 200 მეტრში სასტუმროს მშენებლობა დაიწყეს. ამის შესახებ გუშინ, 3 თებერვალს გახდა ცნობილი. მშენებლობას კომპანია „ბადაგონი” აწარმოებს. სასტუმროს Alaverdi Resort ერქმევა.

როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს. სასტუმროს მშენებლობაში კომპანია 14 მილიონი ლარის ინცესტიციას გეგმავს. სასტუმრო 32-ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღების შეძლებს.