ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.
„მსოფლიოში მიმდინარეობს ბევრი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევა ბუსტერდოზებთან მიმართებაში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერდოზა ალბათ საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი. ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის.
უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერდოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერდოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს – ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ. უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ მანამდე დრო აქვს ქვეყანას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.